ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მისი მოადგილეები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ვარდნილის არხზე მიმდინარე სამუშაოების გასაცნობად იმყოფებოდნენ.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ადგილზე სამუშაოებს ქართული კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს.
"ჩვენ ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. საკმაოდ მასშტაბურად გაიშალა ფრონტი ვარდნილის არხის რეაბილიტაციაზე. ამაში EBRD-ი და დონორი ორგანიზაციები გვეხმარებიან. უკვე დაიწყო სამუშაოები ვარდნილის არხზე და ვიმყოფებოდით იმ სამუშაოების მოსანახულებლად. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და სწორედ ამ სამუშაოების დასათვალიერებლად ჩავედით. იქ ქართული კონტრაქტორი კომპანია მუშაობს. შესაბამისად, როგორც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენც ეს სამუშაოები მოვინახულეთ აფხაზეთში. ამის დაფინანსებაზე ჩვენ გვაქვს შეთანხმება ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკთან და აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში ეს პროექტი მიმდინარეობს. ეს ინფრასტრუქტურული პროექტი ბიუჯეტშიც გვაქვს გაწერილი - ენგური-ვარდნილის რეაბილიტაციის პროექტი", - განაცხადა ვალიშვილმა.
აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ენგურჰესის რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით, ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსებისა და სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძე, მისი მოადგილე ილოა ელოშვილი, მარიამ ვალიშვილი და ენერგოსისტემის ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეც ესწრებოდნენ და შეხვედრის მთავარი თემა ენგურჰესის აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მონაკვეთს შეეხო.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






