საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის თქმით, ბრაზილიასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება 30 დღის შემდეგ ამოქმედდება და ეს ხელს შეუწყობს მეტ ტურიზმს და ბიზნესკონტაქტებს.
ამის შესახებ ბერუჩაშვილმა საქართველოს და ბრაზილიის მთავრობას შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2016 წელს რიო ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს და ქართველ გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ დაუბრკოლებლად, ვიზების გარეშე დაესწრონ ამ ოლიმპიადას. ანალოგიური შეთანხმებების გაფორმება იგეგმება ლათინური ამერიკის რეგიონში სხვა ქვეყნებთან და ეს დღევანდელი ღონისძიება პოზიტიური სიგნალი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
შეთანხმება, რომელიც საქართველოს და ბრაზილიის მთავრობებს შორის გაფორმდა გულისხმობს ორივე ქვეყანაში ტურისტული და ბიზნესის მიზნებით მსურველი, ორდინალური პასპორტის მფლობელი მოქალაქეების გათავისუფლებას ვიზის აღების ვალდებულებისაგან. კერძოდ, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ბრაზილიის ტერიტორიაზე შესვლას, ყოფნასა და ტრანზიტს 90 დღის განმავლობაში 180 დღიან პერიოდში - ათვლა ქვეყანაში პირველად შესვლის დღიდან მოხდება. ანალოგიური რეჟიმი იმოქმედებს ბრაზილიის მოქალაქეების მიმართ.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






