„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, ნოდარ ჯავახიშვილს ტენდერების შესახებ მასალები გაუგზავნა. თარგამაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ნოდარ ჯავახიშვილი აღნიშნული ინფორმაციით თავად დაინტერსესდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა, მას იგი არ მოუძიებია.
„უკვე რამდენიმე კვირაა ინფრასრუქტურის მინისტრის მოადგილე ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი აკრიტიკებს საკუთარ ხელმძღვანელს, მინისტრს, იძახის რომ ამ დარგში ტენდერებიდან ტყდება ფული. იძახის რომ რეგიონული მმართველების თავები უნდა დაიყაროს რადგან ისინი უშვებენ გადაცდომებს და ამ ყველაფრისთვის ითხოვს რომ ვინმემ მას მიაწოდოს შესაბამისი მასალა. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ პარლამენტში შევპირდი მას რომ მივაწვდიდი სრულ დოკუმენტაციას. დღეს ვასრულებ პირობას და საკმაოდ ტევად მასალას წერილთან ერთად ვუგზავნი მას. მინდა ხაზი გავუსვა რომ ეს დოკუმენტაცია მოპოვებულია საჯარო სივრცეში, აქედან გამომდინარე ბატონ ჯავახიშვილს შეეძლო ეს თავადაც მოეპოვებინა, მაგრამ მე ასევე შემიძლია დავუშვა ის რომ ამ სრული უნიათობის ფონზე ამ სამინისტროშიც შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები არ მუშაობენ და ამიტომ ვერ შეძლეს ამ ხნის განმავლობაში ამის გაკეთება. პრაქტიკულად ყველა საწყის მასალას ვუგზავნი. თუ ამის შემდეგაც ვერ შეძლებენ უფრო მეტი დეტალიზებული ინფორმაციის მოპოვებას, მოგვმართონ და ჩვენ გავუგზავნით იმ დონეზე დეტალიზებულ მასალს რომელიც შეუძოლიათ პირდაპირ გადააგზავნონ პროკურატურაში. გამომდინარე იქიდან რომ ბატონი ჯავახიშვილი ამ სამინისტროში წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის თვალს ყურს, აქედან გამომდინარე მივმართავ ბიძინა ივანიშვილს ვინაიდან აითვალწუნა მისი ერთ-ერთი კლანი ღარიბაშვილი, ეს მასალები შეუძლია გამოიყენოს და ამ მიმართულებით შეებრძოლონ კორუფციას. შეწყვიტონ თამაშები პროკურატურის მხრიდან როცა დეპარტმაენტის უფროსებს იჭერენ, შემდეგ უშვებენ რაღაც გარიგებნის სანაცვლოდ,“-განაცხადა გივი თარგამაძემ.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






