თბილისის საკრებულოს წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის და - თეა მიროტაძე თბილისის მერიაში მაღალ თანამდებობაზე, კერძოდ ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – თბილისის" თავმჯდომარემ აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც აბესაძე აცხადებს აღნიშნული ფაქტი ნეპოტიზმის კლასიკური შემთხვევაა, რადგან თბილისის მერიაში საკადრო გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი "ქართული ოცნების" წევრებთან ახლო ნათესაური კავშირია.
აბესაძემ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის რევაზ ჩახავას შესახებაც ისაუბრა, რომელიც თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. აბესაძის შეფასებით ის დააქვეითეს და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს.
"ეს იმ დროს, როდესაც ჩახავას თანამდებობიდან გათავისუფლება მის ოჯახურ მდგომარეობას დაბრალდა", - განაცხადა აბესაძემ,
"ვიდრე დავით ნარმანია ასეთ საკადრო გადაწყვეტილებებს მიიღებს, მერიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ის ადამიანები, რომლებიც სამსახურიდან იმ მოტივით გათავისუფლდნენ, რომ თავის მოვალეობებს ვერ ასრულებდნენ , სხვა თანამდებობებზე ინიშნებიან", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






