საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ეუთოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერაზე ისაუბრეს. რეგიონში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის მნიშვნელობას. დავით უსუფაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანს თხოვა შემოქმედებითად მიუდგნენ აღნიშნულ საკითხს, რათა მოინახოს გზები ეუთოს მისიის საქართველოში დასაბრუნებლად.
საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს და ეუთოს როლს ამ კონფლიქტის მონიტორინგში.
ლამბერტო ზანიერიმ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიაში მაღალკვალიფიციური კადრების წარგზავნისთვის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ეუთოს გენერალური მდივნის შეხვედრას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრები გიორგი წერეთელი და მალხაზ ვახტანგაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერიმ მედიისთვის კომენტარი გააკეთეს.
მასალის გამოყენების პირობები






