„თავისუფალი დემოკრატები“ აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან და აჭარაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
როგორც ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესები "ქართულ ოცნებასა"'და "ნაციონალურ მოძრაობას"'შორის პოლიტიკური თამაშია.
„ჩვენ არ ვიღებთ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას. არ გავაგრძელებთ არანაირი ფორმით და არანაირი სახით მონაწილეობას იმაში, რაც მიმდინარეობს "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის. ჩვენ ვითხოვთ, რომ გადადგეს მთავრობა და აჭარაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს“- განაცხადა ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, აჭარის უმაღლეს საბჭოში დაძაბული ვითარებაა. საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს დეპუტატები მედეა ვასაძე და ჯემალ ფუტკარაძე სვეტლანა კუდბაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.
მათი ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით ბერიძე მისული იყო კუდბასთან და დღეს დაგეგმილ რიგგარეშე სესიაზე მისვლას სთხოვდა. დეპუტატების განმარტებით, ამის მიზანი იყო ის, რომ სესიაზე ვქორუმი შემდგარიყო და ვიცე-სპიკერის პოსტიდან ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურა ჩაეგდოთ.
თუმცა დღეს დაგეგმილი რიგგარეშე სესია აჭარის უმაღლეს საბჭოში ქვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






