ვაზიანის მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში "მტკიცე მხარდაჭერის" სამშვიდობო მისიაში მონაწილე ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
სამხედროებს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ჯარისკაცების პროფესიონალიზმმა და თავდადებამ საქართველო მსოფლიო სამხედრო რუკაზე დაამკვიდრა.
„ეს არის რეალურად გლობალური უსაფრთხოების მისია, რომელშიც მთელი მსოფლიოა ჩართული, მათ შორის ღირსეულადაა წარმოდგენილი საქართველო. ჩვენი ოფიცრების და ჯარისკაცების თავდადებას და პროფესიონალიზმს არა მარტო მე და თავდაცვის სამინისტრო, ქვეყნის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, არამედ - ყველა პარტნიორი ქვეყანა. ჩვენი ჯარისკაცების თავდადებამ და პროფესიონალიზმმა საქართველო დაამკვიდრა მსოფლიო სამხედრო რუკაზე. აღნიშნულ მისიაში მონაწილეობით ჩვენი შეიარაღებული ჯარები დიდ გამოცდილებას იძენს. ეს გამოცდილება ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობაში. მისიაში გატარებული თითოეული წუთი ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობას ემსახურება. რაც შეეხება ამ მისიაში ჩართვის პოლიტიკურ მნიშვნელობას, თქვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენს ქვეყანას წარმატებები აქვს საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. თქვენი დამსახურებაა, რომ თქვენი ქვეყანა თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ხდება“, - მიმართა მინისტრმა სამხედროებს.
მასალის გამოყენების პირობები






