უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უახლოეს დღეებში ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან დეპუტატი თავს იკავებს.
ის ასევე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნისგან ბოდიშის მოხდას ისიც ითხოვს.
ქუცნაშვილი ახვლედიანის განცხადებას დეპუტატების მიმართ მუქარად აფასებს.
ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით არმაზ ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი დღეს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემაც გააკეთა.
„ეს იყო შეურაცხყოფა თითოეული დეპუტატისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პოლიტსაბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება. რაც შეეხება დეპუტატების მიმართ ბრძანებლური ტონით საუბარს, ბატონ არმაზს შევახსენებ, რომ დეპუტატი არის ხალხის მიერ არჩეული პირი, რომელსაც თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება აქვს“, - განაცხადა ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დეპუტატები არ დაემორჩილებიან, მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.
მასალის გამოყენების პირობები






