საპარლამენტო ოპოზიცა მთავრობის წევრების გადადგომის საკითხს აყენებს.
"კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ მთავრობას არ გააჩნია არანაირი კონკრეტული გეგმა ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსიდან გამოსაყვანად. ნათელია, რომ მათ მოატყუეს უკვე პრეზიდენტიც და მთელი საზოგადოება, როდესაც დაპირებულ დღეს, 5 მარტს კრიზისიდან გამოსვლის არანაირი ეკონომიკური გეგმა არ წარუდგინეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ საჭიროდ ვთვლით, მივმართოთ პრეზიდენტს სპეციალური განცხადებით, რომელსაც ხელს პარლამენტის წევრების შესაბამისი რაოდენობა მოაწერს და კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა.
ჩვენ ვთვლით, რომ მთავრობა აუცილებლად უნდა მოვიდეს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ავუხსნით რატომ უნდა დატოვონ თანამდებობები და რატომ უნდა გადადგნენ, როგორ შეიყვანეს ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში, ასევე ავუხსნით ჩვენს 36 პუნქტიანი გეგმის იმ გაწერილ საფეხურებს, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური უკუსვლა შეწყვიტოს.
სწორედ ამ სხდომაზე ჩვენ პირდაპირ მოვუწოდებთ მთავრობას გადადგომისკენ.
მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება და ჩვენ ორშაბათს, სპეციალურ განცხადებას პრეზიდენტის კანცელარიაში შევიტანთ და მოვითხოვთ, რომ პრეზიდენტმა განმეორებით მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, სადაც მთავრობა სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.
ჩვენ მოვუწოდებთ უმრავლესობას და მთავრობას, რომ არ დაიწყონ მათთვის ჩვეული მაქინაციები, ისინი არ უნდა დაემალონ ხალხის პრობლემებს და ამ პრობლემებზე საუბარი უნდა იყოს ღია, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ხალხი თვითონ მიაგნებს მათ და გაუყენებს პოლიტიკური მოუსავლეთის გზას" - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
უმცირესობა პრეზიდენტს ორშაბათს მიმართავს. თუ გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე სხდომას არ მოიწვევს, კონსტიტუციის თანახმად, სხდომა მაინც უნდა დაინიშნოს, როგორც ეს გასულ კვირას მოხდა. თუმცა მაშინ უმრავლესობის წევრებმა სხდომა ჩააგდეს.
მასალის გამოყენების პირობები






