თბილისის მერი დავით ნარმანია ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ეწვევა. მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ ფხალაძე თბილისის მერს სამსახურის მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
იქვე ჩატარდება ცხოველების გადარჩენის იმიტირებული სამაშველო ოპერაცია. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მათი მშობლები, ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ღონისძიების ბოლოს სააგენტო გააჩუქებს ლეკვებს და სერტიფიკატებს გადასცემს იმ მოხალისეებს, რომლებიც უანგაროდ ზრუნავენ თავშესაფრის ბინადრებზე.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 2015 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებს. სააგენტოს ევალება თბილისში მოსახლეობის დაცვა საფრთხის მომტანი (აგრესია, საშიში დაავადებები) ცხოველებისგან, ასევე ცხოველების უფლებების დაცვა, ძაღლების და კატების პოპულაციების მართვა და კონტროლი, მსოფლიოში აღიარებული ჰუმანური მეთოდებით.
მასალის გამოყენების პირობები






