საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს გავლით რუსეთს დღეს სპეციალურ საპროტესტო ნოტას გაუგზავნის. ამასთან დაკავშირებით საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თამარ ბერუჩაშვილმა ეროვნულ არქივში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაწყებული სამხედრო წვრთნების შეფასებისას განაცხადა.
ბერუჩაშვილის თქმით საგარეო უწყებამ სამხედრო წვრთნების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა და ფაქტთან დაკავშირებით უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, სამხედრო წვრთნების დაწყება რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს კიდევ ერთხელ არღვევს. აღნიშნული ნაბიჯით, ასევე ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები და ყველა ის ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთი აწერს ხელს. მათ შორის, აგვისტოს ომის შემდგომი ხელშეკრულება.
„წვრთნების დაწყების შესახებ ერთდროულად ეცნობა ყველა ჩვენს პარტნიორს მსოფლიოს ყველა წერტილში. ასევე ჩვენს საელჩოებს მიეცათ ინსტრუქციები, რომ დედაქალაქებში მოლაპარაკებები გამართონ. დღეს რუსეთს შევიცარიის საელჩოს გავლით, სპეციალურ საპროტესტო ნოტას გადავცემთ,“ - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ 12 პოლიგონზე მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები გუშინ დაიწყო. მასში სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის დანაყოფები მონაწილეობენ. საველე წვრთნებში სულ 2000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 500-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






