პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და საგარეო რთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში შერხვედრა გამართეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, დავით უსუფაშვილს ატლანტიკურ საბჭოში საჯარო გამოსვლა ჰქონდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბარა საქართველოში, უკრაინასა და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. მისი განცხადებით, შეუძლებელია საქართველოსა და უკრაინის ცალ-ცალკე განხილვა, რადგან მთავარი საკითხები - უსაფრთხოების, ეკონომიკური მიმართულებები და აგრეთვე დემოკრატიული მიმართულებაც, ორივე ქვეყანაში ურთიერთკავშირშია.
„იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რაც ქართველებს და უკრაინელებს მოგვეცა არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივა, რომელიც, ერთის მხრივ, წარმატებულად შესრულდა, რადგან ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა ეს იმ ფასად გააკეთეს, რასაც ახლაც იხდიან; ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ იქ კრიზისი ამ საკითხის გამო დაიწყო და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს კრიზისი დაიწყო ევროკავშირთან პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერით და არა ნატოსთან; ეს არ ეხებოდა სამხედრო საკითხებს. და ესეც კი მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტ პუტინისთვის და მისი გუნდისთვის. ასე რომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ იმ მცდარ აზრებს, რომელიც ბევრ ჩვენგანს რუსეთის მომავალზე ფიქრის დროს გაგვიჩნდა“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, შეცდომა მაშინ იქნა დაშვებული, როდესაც სერიოზულად არ იქნა აღქმული ის, თუ რამდენად ძლიერია რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები.
„სამწუხაროდ, ეს იყო შეცდომა. რის საფუძველზე ვამბობ ამას - საქართველოს მაგალითზე; მჯერა, რომ იყო რამდენიმე ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა დასავლური თავდაცვის, უსაფრთხოების და ეკონომიკური ალიანსის უფრო ძლიერ შემადგენელ ნაწილად გვექცია. მჯერა, რომ ევროკავშირმა ძალიან ნელა გააცნობიერა, რომ აღმოსავლეთ ევროპა ევროპული უსაფრთხოების და კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილია. ამის გააზრებას ძალიან ბევრი დრო დასჭირდა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






