ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტს გმობს. ამის შესახებ საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
არასამთავრობო ორგანიზაცია მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას:
„უპირველეს ყოვლისა, პოზიტიურად უნდა შეფასდეს გავრცელებული ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყების და ერთი პირის დაკავების შესახებ. ამასთან, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე, რომლებზეც ინციდენტია ასახული და ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ირაკლი გედენიძის ცემის ამსახველ ვიდეომასალაში ორი ადამიანი ფიგურირებს. გავრცელებული ვიდეომასალებიდან ჩანს თუ როგორ ურტყამს ერთი მამაკაცი ირაკლი გედენიძეს, ხოლო მეორე მამაკაცს როგორ უჭირავს ირაკლი გედენიძე ორივე ხელით. აუცილებელია გამოძიებით დადგინდეს დანაშაულში მონაწილე ყველა პირის ვინაობა და ყველა დამნაშავე მიცემულ იქნეს პასუხისგებაში.
ამასთანავე, გვუსრს ხაზი გავუსვათ დაწყებული გამოძიების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით, სწრაფად და ეფექტურად წარმართვის აუცილებლობას. ჟურნალისტების წინააღმდეგ წლების განმავლობაში არაერთი დანაშაულებრივი შემთხვევა დაფიქსირებულა, რომლებთან დაკავშირებითაც, მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, არც საზოგადოებისთვის და არც ჟურნალისტებისთვის დღემდე არ არის ცნობილი თუ რა ეტაპზეა გამოძიება ან მისცეს თუ არა დამნაშავე პირები პასუხისგებაში. სახელმწიფოს ვალდებულება სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და დამნაშავე პირები მისცეს პასუხისგებაში განპირობებულია ჟურნალისტის და მედიის წარმომადგენლის პროფესიული საქმიანობის მაღალი მნიშვნელობით დემოკრატიული სახელმწიფოსთვის.
სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, ეფექტურად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ამით თავიდან აიცილოს ჟურნალისტის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის უარყოფითი შედეგები როგორც ცალკეული ჟურნალისტისათვის, ისე ქვეყანაში მედიის და გამოხატვის თავისუფლებისათვის“, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






