ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი იმედოვნებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელ ქმედებებს დაუბრუნდება.
ამის შესახებ მოგერინიმ ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლესი და სამეზობლო კომისრების პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ახალ დოკუმენტზე მზადების შესახებ იყო საუბარი, რომელზეც ევროკავშირი იწყებს მუშაობას.
მოგერინის თქმით, ახალი პრინციპები არ იქნება რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული.
„გადავწყვიტეთ, ოფიციალურად დავიწყოთ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესი. ბოლოს ეს 2011 წელს მოხდა. ჩვენი რეგიონშ რადიკალური ცვლილებები მოდა. უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას და თანამშრომლობას, რადგან ურთიერთობების შეფასების პროცესიდან უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ დიალოგსა და პოლიტიკურ პარტნიორობაზე. უნდა გამოვიყენოთ ყველა პოტენციალი ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში რეგიონზე ეფექტური გავლენის მოსახდენად. არ არსებობს ევროპული პოლიტიკა, რომელიც კონფრონტაციას გულისხმობს. შეუძლებელია ჩვენი პარტნიორობა აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებთან იყოს ვინმესთვის კონფრონტაციული. ეს არ უნდა გახდეს საერთაშორისო პრინციპების დარღვევის საბაბი. ევროკავშირის კარი ღიაა თანამშრომლობისთვის, მათ შორის რუსეთისთვისაც, მაგრამ პატივი უნდა სცე საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მთავარი მოთამაშე რომ გახდე, რაც ყირიმის ანექსიის შემთხევაში არ მოხდა. მაგრამ იმედი გვაქვს, რუსეთი დაუბრუნდება პასუხისმგებელ ქმედებებს,” - განაცხადა მოგერინიმ.
მასალის გამოყენების პირობები






