ნადარეიშვილის თქმით, აღნიშნული დეპარტამენტის მიზანი საჯარო მოხელეების მხრიდან სისხლის სამართლის პროცესში ჩადენილი დანაშაულებების გამოვლენა-გამოძიებაა.
უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე - 3 495, სხვა კატეგორიაზე კი - 6 187 განაცხადია შესული, რომლებიც ძირითადად, ქურდობისა და თაღლითობის ფაქტებს ეხება.
მისი თქმით, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისთვის, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე, სისხლისსამართლებრივი დევნა 367 საჯარო მოხელისა და მასთან დაკავშირებული პირის მიმართ დაიწყო.
„დანაშაულები ძირითადად ჩადენილი იყო ჯგუფურად, ხშირ შემთხვევაში, ზემდგომი თანამდებობის პირის უშუალო კონტროლის ქვეშ და ცალკე შემთხვევაში, უშუალო მონაწილეობითაც“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
მისივე განმარტებით, აქცენტი ძირითადად საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილ ისეთი ტიპის დანაშაულებებზე იყო გადატანილი, როგორებიც წამება, არაადამიანური მოპყრობა, იძულება, მუქარა და სხვა მძიმე კატეგორიის ქმედებებია.
მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა, რომელსაც პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს.
დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები გამოიძიოს. ამათგან პრიორიტეტი ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტების გამოძიებას მიენიჭება, რომელიც ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს მოიცავს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






