„ჩემი ერთი უგუნური შეცდომა გამოიყენეს იმისთვის, რომ ამდენი ხალხი დღეს საპატიმროში გამოეკეტათ. თქვენი გაზეთით მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო ამ ადამიანებს“
„ჩემს დაკავებაზე სოდ-ს „ნაკოლი“ მისცა არა ხუბულოვმა, არამედ ჩემმა ძმამ, ირაკლი ფირცხალავამ“
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პროკურატურამ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის მთავარ მოტივად ირაკლი ფირცხალავას პირადი შურისძიება დაასახელა. რა კავშირი ქონდა პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ძმას, ლევან ფირცხალავას ნარკოტიკებთან? იცნობდა თუ არა ალექსანდრე ხუბულოვს და რა ინფორმაციის საფუძველზე დაიჭირა სოდ-მა 2006 წელს?
სანამ ლევან ფირცხალავას ინტერვიუს გაგაცნობთ, შეგახსენებთ ბრალდების მხარის პოზიციას: „ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ 2006 წლის 7 აპრილს, სოდ-ის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ იქნა ირაკლი ფირცხალავას ძმა ლევან ფირცხალავა. აღსანიშნავია, რომ ლევან ფირცხალავას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს, მის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მიაწოდა მოგვიანებით სპეცოპერაციის დროს მოკლულმა ალექსანდრე ხუბულოვმა, რის შესახებაც ცნობილი გახდა ირაკლი ფირცხალავასთვის. მისთვის, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა მისი თანამდებობრივი ავტორიტეტისა და რეპუტაციის ამგვარი ფორმით საფრთხის ქვეშ დაყენება, რის გამოც გადაწყვიტა, ლიკვიდაციის გზით, შური ეძია მისი ძმის დაკავების საქმეში მთავარ ფიგურანტ ალექსანდრე ხუბულოვზე“, – ნათქვამია პროკურატურის ბრალდების ტექსტში.
თავად ლევან ფირცხალავა „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ 2006 წელს ის არათუ ხუბულოვმა, არამედ მისმა ძმამ დააჭერინა.
ლევან ფირცხალავა: – იყო რაღაც სიტუაცია. ამას არც უარვყოფ, რომ როგორც 90-იან წლებგამოვლილი ბევრი ჩემი ასაკის ბიჭი, დამოკიდებული ვიყავი ნარკოტიკებზე. დაკავების დროს აღმომაჩნდა გარკვეული დოზა, მაგრამ იმ პერიოდში ამ დოზის გამო არ იჭერდნენ და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდით შემოიფარგლებოდნენ. დაკავებული ვიყავი მოხმარებაზე. როდესაც არ გამიშვეს, მივხვდი, რომ აქ სხვა რაღაცაში იყო საქმე. ვიფიქრე, რომ, ალბათ, ჩემი ძმა იყო გარეული ჩემს დაპატიმრებაში.
– რატომ? რაიმე უკმაყოფილება გქონდათ ერთმანეთთან?
ნუ, ირაკლი პოლიციელი იყო და, ცხადია, მისთვის მიუღებელია მსგავსი რამ. სულ მეუბნებოდა, აღარ გაეკარო ასეთ რამესო. განთავისუფლების შემდეგ საერთოდ აღარ გვილაპარაკია. მაგის შემდეგ მართლაც შევეშვი და ერთხელაც არ ვარ შემჩნეული მსგავს სიტუაციაში.
– პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციაში ალექსანდრე ხუბულოვმა დაგასმინათ, რომელიც პოლიციის აგენტი იყო…
– საერთოდ არანაირი შეხება არ მქონია მაგ პიროვნებასთან. მისი სახელიც კი არ ვიცოდი. ერთადერთხელ მკითხა ირაკლიმ, ხომ არ იცნობდი ამ ტიპებსო. სინამდვილეში მათ შესახებ მხოლოდ სპეცოპერაციის შემდეგ გავიგე. რა კავშირი უნდა მქონოდა მე ხუბულოვთან? ჯერ ერთი, ძალიან დიდი სხვაობა იყო წლოვანებაში, მასთან მე არ ვიმეგობრებდი. ჩემი და მაგათი წრე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.
– ითქვა ისიც, რომ თქვენ არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ ნარკორეალიზატორიც იყავით…
– მასე უამრავი სიბინძურე დაიწერა ჩვენს ოჯახზე. იური ვაზაგაშვილმა 10 წელი დახარჯა იმისთვის, რომ ჩვენთვის ასეთი იარლიყები მოეკერებინა. მაგისთვის მე – ნარკორეალიზატორი, ირაკლი – მკვლელი, დედაჩემი კი ტრეფიკიორი იყო. წლების განმავლობაში ხდებოდა მიზანმიმართული მუშაობა, რომ ჩვენი ოჯახისთვის ასეთი იმიჯი შეექმნა.
– უშუალოდ ვინ დაგაკავათ?
– სოდ-ის განყოფილებამ. შემდეგ, რაკი არ გამათავისუფლეს, მივხვდი, რომ ეს ჩემი ძმის პირადი ინიციატივით მოხდა. პრინციპულად დააჭერინა ჩემი თავი და 2 თვე ჩამკეტა. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცა, რადგან მას შემდეგ ნარკოტიკს აღარ გავკარებივარ.
– საბოლოოდ საპროცესო შეთანხმებით გამოგიშვეს?
– კი, საპროცესო გამიფორმდა და ჯარიმა გადავიხადე 5000 ლარის ოდენობით.
– კორტების სპეცოპერაცია ჩატარდა თქვენი დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ…- თქვენ ამბობთ, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა?
– საერთოდ არ ვიცნობდი ამ პიროვნებას, ასეთი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. როგორც ვიცი, ხუბულოვი სპეცოპერაციამდე 3 თვით ადრე განთავისუფლდა საპატიმროდან. მანამდე ის ციხეში იჯდა. როდის და სად უნდა დავახლოებოდი ისე, რომ მასთან ასეთი საქმით ვყოფილიყავი დაკავშირებული. აბსურდია. იმის გამო, რომ ირაკლისთვის საქმე შეეკერათ, ამ გარდაცვლილ ბიჭსაც პოლიციის აგენტის იარლიყი მიაკერეს. სინამდვილეში იცით, რა მოხდა? პროკურატურამ საბრალდებო დასკვნაში პირდაპირ გადაწერა ის ჭორები, რომელსაც აწ გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილი წლების განმავლობაში ავრცელებდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ირაკლიმ ჩემ გამო პოლიციის 150 თანამშრომელი მოატყუა, მათ შორის მინისტრის მოადგილე, და ეს ხალხი პირადი შურისძიების მიზნით გამოიყენა? და ეს ყველაფერი გააკეთა სუბუტექსის გამო, რომლის ძალიან მცირე დოზა აღმომაჩნდა და რომელიც ჯარიმას ითვალისწინებდა? ეს ხომ აბსურდია. სინამდვილეში ჩემს დაკავებაზე სოდ-ს „ნაკოლი“ მისცა არა ხუბულოვმა, არამედ ჩემმა ძმამ, ირაკლი ფირცხალავამ.
– მანამდე პოლიციასთან პრობლემები თუ გქონიათ? ან რას საქმიანობდით?
– არანაირი პრობლემა არ მქონია. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა. დაკავებული ვიყავი მცირე ბიზნესით, თუმცა ამჟამად უმუშევარი გახლავართ
თქვენს სახელს დაუკავშირდა საქმე, რომლის გამოც ახლა 11 ყოფილი პოლიციელია დაკავებული… არ ფიქრობთ, რომ კორტებთან რეალურად ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი?
– სპეცოპერაციის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. მე არ ვარ ამ საქმის სპეციალისტი, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ეს ოპერაცია ჩატარდა კანონის მოთხოვნების შესაბამისად. დაკავებულ პოლიციელებს ჰყავთ ოჯახები. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი ერთი უგუნური შეცდომა გამოიყენეს იმისთვის, რომ ამდენი ხალხი დღეს საპატიმროში გამოეკეტათ. თქვენი გაზეთით მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო ამ ადამიანებს, მათ ოჯახებს და დავპირდე, რომ ყველაფერი გაირკვევა.
წყარო "პრაიმტაიმი"
მასალის გამოყენების პირობები






