„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ალასანიამ „ნიუპოსტთან“ საუბრისას ზურაბ აბაშიძის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
„გული მწყდება, რომ ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობდი, დღეს იქცა ინსტრუმენტად ივანიშვილის ხელში, რომ ჩვენ ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაფერხოს. თუმცა მე პირობას ვაძლევ ქართულ საზოგადოებას, რომ ისინი ამას ვერ მოახერხებენ. უბრალოდ მე მას მოუწოდე, რომ ამდენი განცხადების და შეფასებების შემდეგ ნუ გახდება მონაწილე ამ ძალიან ცუდი და სახიფათო ჩანაფიქრის და დატოვოს თანამდებობა. რაც შეეხება პირად შეურაცხყოფას, ამაზე არავის ვპასუხობ და არც მას ვუპასუხებ“, - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, აუცილებელია პარლამენტმა აბაშიძის საქმიანობაზე მკაცრი კონტროლი დააწესოს და ნატოსთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებების გამო პასუხი მოსთხოვოს.
„რაც შეეხება საზოგადოებრივ კონტროლს, ეს ნიშნავს, რომ იყოს სწორი საპარლამენტო კონტროლი. პარლამენტს აქვს შესაძლებლობა კონტროლი დაამყაროს აღმასრულებელი ხელისუფლების ამ შტოს საქმიანობაზე. პრეზიდენტის განცხადებაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკაცრად უნდა გაიწეროს, თუ რა უფლებები და მოვალეობები აქვს ახლადშექმნილ ინსტუტიციას, სპეციალური წარმომადგენლის. მე ვფიქრობ, რომ ის აშკარად, ბიძინა ივანიშვილის მითითებით ერევა იმ სფეროში, როგორიც არის ნატო-სთან ურთიერთობა. მას ამის უფლება არ აქვს, ეს არის საგარეო მიმართულება, რომელიც მისი კომპეტენციიდან შორს დგას. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი მკაცრად მოსთხოვს პასუხს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე“, - განაცხადა ალასანიამ „ნიუპოსტთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, ზურაბ აბაშიძემ ირაკლი ალასანია არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. აბაშიძისგან კრიტიკა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო დაიმსახურა, სადაც ალასანია ამბობდა, რომ „უნდა დაწესდეს საზოგადოებრივი კონტროლი, რათა აბაშიძემ მსგავსი განცხადებების გაკეთება ვერ შეძლოს“.
საუბარია ნატოსთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძის განცხადებებზე, სადაც მისი თქმით, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწერვიანება დღეს და ხვალ არ იგეგმება.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






