მთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობის, რეგიონების ეკონომიკური განვითარებისა და დეპოპულაციის პროცესების შესაჩერებლად მთის კანონპროექტზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს, საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგელებსა და მაღალმთიანი რეგიონების მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მთიანი რეგიონების სტატუსსა და მთის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. კანონის მთავარი პრიორიტეტი მთიანი სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება და ადგილზე ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა იქნება. ეკონომიკური აქტივობის წასახალისებლად და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად როგორც საგადასახადო, ისე სოციალური შეღავათების შემოღება განიხილება.
მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონზე მუშაობის პროცესში როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართულნი. კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში უახლოეს პერიოდში იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები






