„მე არ მინდა რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქადაგიძის ადვოკატად წარმოჩინდეს, უბრალოდ ფაქტობრივად მინდა აღვნიშნო, რომ რაც დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ილაპარაკა, ამას ჩვენ ვსაუბრობთ უკვე დიდი ხანია. ჩვენ ვამბობდით, რომ არასაჭირო და მავნებლური რეგულაციების და შეზღუდვების შემოღებით. მავნებლური განცხადებების კეთებით, რომელმაც ინვესტორები დააფრთხო, ქვეყანაში ხორციელდება ქვეყნის ეკონომიკის დეგრადაცია. ყველაფერმა ამან კრიმინალის და კორუფციის ზრდასთან ერთად მოიტანა ის შედეგი, რასაც ჩვენ ვპროგნოზირებდით. ჩვენ მოსალოდნელი შედეგი მივიღეთ, ხალხმა ივანიშვილს ხმა მისცა იმის იმედით რომ ის ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებაში თავის წვლილს შეიტანდა, მას კი ამ მხრივ თითი თითზე არ დაუდია და საპირისპირო ქმედებები განახორციელა.“- განაცხადა გია ბარამიძემ
ბარამიძე იზიარებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო და ეკონომიკის ძირითადი ფაქტორების გააქტიურების გარეშე, რეზერვის ხარჯვა უშედეგო და ქვეყნისთვის მავნებელი იქნება.
„მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ქვეყანაში სიმწრით დაგროვილი რეზერვის ხარჯვით პრობლემა არ მოგვარდება. მთავარი არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება.“- აღნიშნავს ბარამიძე
ბარამიძის თქმით, ივანიშვილი და მისი მთავრობა ცდილობს პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს.
„როგორც ჩანს მათი და პუტინის გეგმა არის , საქართველოს ეკონომიკის განადგურება და სიმწრით ნაშენები დემოკრატიული ინსტიტუტების დეგრადირება“- აცხადებს ბარამიძე.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






