"ნიუპოსტის" ინფორმაციით გუშინ, გვიან ღამით ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირე-დრანდას ტერიტორიაზე რელსებით და ე.წ. შპალებით დატვირთული სატვირტო მატარებელი ჩამოდგა.
როგორც ადგილობრივები იუწყებიან, ერთ კვირაზე მეტიარაც, რაც ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ე.წ. კავშირგაბმულობის სამხედრო მანქანების აქტიური გადაადგილება შეინიშნება. მათი ინფორმაციით აღნიშნული ჯგუფი, აზომვით სამუშაოებს ატარებენ და შერჩეულ ყველაზე მაღალ წერტილებში ახალი ლოკაციის სადგურებს ამონტაჟებენ.
ლოკაციის სადგურების გარდა, მაღალ წერტილებში, ბლოკსაგუშაგოების მშენებლობაც მიმდინარეობს, გარკვეულ ტერიტორიებზე კი სამხედრო დანიშნულების სიხშირის დამჭერ ანძებს ამონტაჟებენ.
სწორედ ამ ტიპის ობიექტის მშენებლობა ამ წუთებში სათანჯოს მთაზეც მიმდინარეობს, რომელიც ის სტრატეგიული ადგილია, საიდანაც ზუგდიდის მოსაზღვრე საოკუპაციო ხაზი კონტროლდება.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა, სათანჯოს მთაზე გზის გაყვანა, ჯერ კიდევ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე დაიწყეს და იქ დროებით საგუშაგოსაც ფლობდნენ. ბუფერული ზონების გაუქმების შემდეგ კი აღნიშნული საგუშაგო გააუქმეს. ამჟამად კი სათანჯოს მთაზე, უკვე კვირაზე მეტია რაც კაპიტალურად, მყარი საშენი მასალით მიმდინარეობს საგუშაგოს მშენებლობა. საგუშაგოს გარშემო კი აშენებენ ე.წ. დოტებსაც.
როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივებმა აცნობეს, რუსმა ოკუპანტებმა, უკვე შექმნეს სამუშაო ჯგუფები, რომლებიც რკინიგზის აღდგენით და საამშენებლო სამუშაოებს ჩაატარებენ. მათ იმ გზის აღდგენა დაევალათ, სადაც ადრე გალის მიმართულებით რკინიგზა იყო გაყვანილი. აღნიშნულ მონაკვეთზე ძველი ლიანდაგი გაფუჭებულია და ლიანდაგის ქვეშ დაყრილი ხრეში მიწაშია ჩასული. სწორედ ლიანდაგის დადებამდე ე.წ. მოხრეშვით სამუშაოებზე დაასაქმებენ მოსახლეობას.
"მუშები ძირითადად სოხუმში ჰყავთ შერჩეული. უმეტესობა მათგანი ოკუპაციის დისლოცირების ადგილზე, რუსების სამხედრო ბაზების მშენებლობაზე ნამუშევარი ადამინები არიან. დანარჩენი რუსი სამხედროები არიან. სამუშაოების აქტიური განახლება იმ კვირაში დაიწყება. ჯერჯერობით სამშენებლო მასალები ვაგონებიდან გადმოცლილი არ არის, - ამბობს "ნიუპოსტთან" ადგილობრივი მკვიდრი გ.ა.
ინფორმაცია, გალის რაიონში რკინიგზის მშენებლობის შესახებ, "ნიუპოსტს" სოხუმისა და ოჩამჩირის ტერიტორიული ერთეულის დე ფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელმა რუსლან ქიშმარიამაც დაუდასტურა.
ოკუპანტებმა სარკინიგზო გზა ოჩამჩირემდე 2008 წლამდე განაახლეს, ახლა ისინი გალის მიმართულებით ატარებენ სამშენებლო სამუშაოებს. ქვა-ღორღი მდინარე გუმისთის და კოდორის სანაპიროდან მიაქვთ, სადაც ქვა-ღორღის ამოსაღებად დამონტაჟებულია ძვიდარღირებული სპეციალური ტექნიკა, რომელიც ოკუპანტებს ეკუთვნით.
მასალის გამოყენების პირობები






