აღნიშნული განცხადება ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან მისი და მისი უწყების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა
ქადაგიძემ შეცდომა უწოდა იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნულ სიტუაციაში რეზერვების ხარჯვა არის გამოსავალი, ქადაგიძის განმარტებით, საქართველომ რეზერვების ხარჯვის მიმართულებით 90-იან წლებში შეცდომა უკვე დაუშვა, რისი გამეორების ფუფუნებაც ქვეყანას დღეს უკვე აღარ აქვს:
„არის მცდელობა საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, თითქოს რეზერვების ხარჯვა არის გამოსავალი. საქართველოს სავალუტო რეზერვი, ეს არის ჩვენი აქტივი და ის დოვლათი, რომელსაც ჩვენ ვქმნით მთელი წლების განმავლობაში და რომელიც წარმოადგენს მთავარ გარანტს ჩვენი ფინანსური სტაბილურობის. ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა სწორედ რეზერვების დაგროვების და მართვის მიმართულებით არის აღიარებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და ავტორიტეტული გამოცემის, მათ შორის სავალუტო ფონდის მიერ. რეზერვებით ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების, კონკრეტულად კი ექსპორტის, გზავნილების, ტურიზმის კლების ჩანაცვლება არის არა მხოლოდ არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება, არამედ კონტრპროდუქტიული და უშედეგო. ამას ცხადყოფს უამრავი საერთაშორისო მაგალითი, მათ შორის ბოლოს განვითარებული მოვლენები. იგივე ხსენებულ მოლდოვაში - მოლდოვას ეროვნულმა ბანკმა 1 მილიარდ დოლარამდე ინტერვენცია გააკეთა, მიუხედავად ამისა, მოლდოვას ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურდა თითქმის 40 %-ით. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება დავუშვათ შეცდომები ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არაერთხელ დაგვიშვია შეცდომები 90-იანი წლების დასაწყისში და იგივე შეცდომების დაშვებას ახლა არ ვაპირებთ", - განაცხადა ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბიძინა ივანიშვილიმა ქვეყნის სავალუტო კრიზისამდე მიყვანაში, პირადად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაადანაშაულა. როგორც ყოფილი პრემიერი ამბობს, ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტი უზრუნველყოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და ლარის გაცლითი კურსი 2.0 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ივანიშვილმა მოლდოვის და სომხეთის ეროვნული ბანკების მუშაობა ეროვნული ბანკების წარმატებული ქმედებების მაგალითებად დაასახელა. ივანიშვილმა ქადაგიძეს კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდა
ლარის კურსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის სპეციალური განცხადება "საზოგადოება 20/30"-მა გუშინ გაავრცელა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ ივანიშვილის ბრალდება, ხელისუფლების და უმრავლესობის ნაწილმაც გაიზიარა, მათ შორის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელმა, მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






