ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეროვნული ვალუტა კრიზისამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მიიყვანა.
ამის შესახებ ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "საზოგადოება 20/30" ავრცელებს.
ექსპრემიერი მოუწოდებს გიორგი ქადაგიძეს, ლარის კურსის გასამყარებლად შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები.
"ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირი მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე. ჩვენ კი დავინახეთ საწინააღმდეგო, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე.
ვალუტის კურსის ნახტომისებური ცვლილების თავიდან აცილების მიზნით რეგიონის სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღეს (სომხეთი - 34%, მოლდოვა - 30%), რამაც დღეისთვის მათი ვალუტების სტაბილურობის ტენდენცია განაპირობა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე (120მლნ. დოლარი) დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა და ვერც გამოიღო.
ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინები, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს და მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
ექსპრემიერი ასევე ამბობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით "ნაციონალები" და "მათი ექსპერტები" ხელოვნურ აჟიოტაჟს ქმნიან.
ლარის კურსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის სპეციალური განცხადება "საზოგადოება 20/30"-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






