წერილში, რომელიც ვალერი ხაბურძანიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მან „ნიუპოსტსაც“ გამოუგზავნა. ხაბურძანია ალასანიას პათეტიურობაში ადანაშაულებს და იმის დასამტკიცებლად, რომ ალასანიას რუსულ ფულთან ქონდა კავშირი, რამდენიმე მაგალითი მოჰყავს.
ვალერი ხაბურძანიას წერილს „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„პასუხი ალასანიას ნაცოდვილარზე:
სააკაშვილს+ივანიშვილი+ხაბურძანია (ფეესბე) = ალასანიას წინააღმდეგ ბრძოლას. ამ განტოლებას ირაკლი, მარტო შენ თუ მოიფიქრებდი, შენი მაგალითი მე იმის დასტურად მოვიყვანე, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკოსს ქონდა უშუალო ან შუალობითი შეხება რუსთის სხვადასხვა სტრუქტურასთან პირადი თუ პოლიტიკური თხოვნით, რაც შეეხება ჩემს კაბინეტში იმ დროს შენ, ყველა ჩარჩოდან ამოვარდნილ საქციელს, შემდეგში, აფხაზეთის ვითომ მთავრობის მეთაურის რანგში (აპარატის რომელიც ზედმეტ მჭამელად აზის ლტოლვილებს კისერზე), კარგად იქცეოდი და იცავდი დიპლომატიურ ეტიკეტს და პატიობდი რუსს მაღალი დონის ჩინოვნიკებს იმავე "მთავარი ღირებულებების წინააღმდეგ წასვლას, იმ ღირებულებების, რისთვისაც იუნკერებმა და 90-იან წლებში ჩვენმა თანამოქალაქეებმა შესწირეს თავი (ი.ა.)".
ეგ პათეტიკაა და pecunia non olet, რა ვიცი, რუს ოლიგარქ ივანიშვილის მილიონს კარგად მოკიდე ხელი 2011 წელს და მანამდეც იგივე თანხა მიიღე ასევე რუსული წარმოშობის, როდესაც გაეროდან ვითომდა პროტესტის ნიშნად გამოქცეულმა საარჩევნო კამპანია გააჩაღეთ. ეს ბოლო ინფორმაცია არ დამიზუსტებია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში არა შენ სასარგებლოდ დაზუსტდება.
ნუ იქნები ამერიკელებზე მეტად ამერიკელი, შეეშვი საქართველოში ამერიკელების ბაზების და დამღუპველი რაკეტების განლაგებისათვის მოქმედებას, ნუ უთხრი ძირს ამერიკაში დღევანდელი ხელისუფლების არცთუ მყარ ავტორიტეტს და მეც შევეშვები ყველაფერს და ქუთაისში ჩემ სათბურში პამიდორებს მივხედავ.“- წერს ვალერი ხაბურძანია.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






