ეროვნული ბანკისგან კომერციულ ბანკებს დაევალათ ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინონ გეგმა, რომელიც შეამსუბუქებს იმ ფიზიკური პირების მდგომარეობას, ვისაც სესხი დოლარში აქვს, შემოსავალი კი - ლარში.
შესაბამისი დავალება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს დღევანდელ შეხვედრაზე მისცა.
„მნიშვნელოვანია, რომ შევუმსუბუქოთ ტვირთი მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც სესხი დოლარში აქვს და შემოსავალი - ლარში. კომერციულ ბანკებს დაევალათ, რომ ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგნინონ გეგმა, თუ რა მიდგომები ექნებათ მათ ამ კლიენტებთან. საუბარია სესხის ვადიანობის გაგრძელებაზე, სხვა ტიპის რესტრუქტურიზაციაზე, რათა ყოველთვიური სესხის მომსახურების თანხა შემცირდეს“, - განაცხადა ქადაგიძემ.
მისი თქმით, სანამ ლარს ექნება გამყარების ტენდენცია, იქამდე ეს იქნება გარკვეული შვება ადამიანებისთვის. ქადაგიძის განმარტებით, ბანკებს გეგმის წარმოსადგენად ერთკვირიანი სამუშაო ვადა მიეცათ.
რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ქადაგიძის განმარტებით, კანონმდებლობით, ეროვნულ ბანკს მათზე არანაირი გავლენა არ აქვს.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






