ბაჩუკი ქარდავა ,,ნიუპოსტთან“ კომენტარში აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე თვითონ ფაქტი კარასინ-აბაშიძის ფორმატის არსებობისა, იყო საკამათო და კითხვის ნიშნებს ბადებდა.
,,ამ ფორმატის არსებობამ კი შედეგად მოგვცა ის, რომ საქართველო მსოფლიო დღის წესრიგიდან უკანა პლანზე გადავიდა, და ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ბიძინა ივანიშვილს და ახალ ხელისუფლებას ეკისრება.
ბოლოდროინდელი აბაშიძის განცხადებები ამ ფორმატის უარყოფითი შედეგების თვალსაზრისით, კიდევ უფრო შორსმიმავალი გახდა. ე.წ. ადამიანური, ჰუმანიტარული სარჩულით, სტატუსის საკითხის გადადებაზე საუბრისას, ჩემი აზრით, აბაშიძეს ავიწყდება, რომ იქ, საქართველოს წამომადგენელია და არა რუსეთის.
სტატუსის გადადება და აფხაზეთთან და ცხინვალთან პირისპირ საუბარი ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოხსნით, მითუფრო თუ დავამატებთ აბაშიძის საინტერესო ჩანართს - რუსეთმა ხელი შეუწყოს, ანუ იყოს შუამავალი, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა - მთლიანობაში ეს ფორმატი შეიქმნა რუსული ინტერესებისთვის, რაშიც ეჭვი არასოდე მეპარებოდა, ხოლო დროდადრო აბაშიძემ ამ ფუნქციის სრულად რეალიზებაც დაიწყო“ - აცხადებს ედპ-ს ლიდერი.
,,ნამდვილად არ მეპარება ეჭვი ზურაბ აბაშიძის არც ქართველობასა და არც დიპლომატიურ შესაძლებლობებში, თუმცა სრულიად გაუგებარია ჩემთვის, რამ აიძულა ეს ადამიანი, ქვეყნისთვის საზიანო სამსახურში ჩამდგარიყო.
ჩვენ ვხდებით საოცარი მეტამორფოზის მოწმენი, როცა ის აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის ორი სახე არსებობს - ჟენევის დისკუსიები და აბაშიძე-კარასინის ფრომატი პრაღაში?! მე მახსოვს აბაშიძის განცხადებები, რომ ჟენევის ფორმატი არის საქართველოსა და რუსეთს შორის ერთადერთი უალტერნატივო ფორმატი, ხოლო აბაშიძე-კარასინის შეხვედრებს ის არც ისე ოფიციალურ, მხოლოდ ე.წ. ფანჯრის დატვირთვას ანიჭებდა. ახლა კი, რატომღაც, ნებსით თუ უნებლიედ, ეს ორი ფორმატი ერთ სიბრტყეზე დააყენა“ - აცხადებს ქარდავა და იქვე ამბობს, რომ აბაშიძე კარასინის ფორმატი, მცირე კონტაქტის საშუალებიდან, საქართველოს ინტერესების საზიანო დიალოგის ფორმატად იქცა.
,,არ გამოვრიცხავ, რომ ცოტა ხანში, ამ ფორმატის მთავარი დატვირთვა საქართველოს ევრაზიულ კავშირში შეყვანა აღმოჩნდეს“ - დასძენს ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






