ზურაბ აბაშიძის განცხადებას, რომ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიალოგი რუსეთის მონაწილეობით უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი შევარდნაძის პერიოდის კლასიკურ ფორმულას უწოდებს.
ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა "ნიუპოსტთან" საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა საქართველოს ბედს რუსეთზე დამოკიდებულს ხდის. არ იყენებს რუსეთის მიმართ დაწესებულ დასავლეთის სანქციებს და არ ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას, რომ ყირიმთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც განიხილებოდეს.
„მისი განცხადებები არის კლასიკური ფორმულა შევარდნაძის პერიოდის. ვბრუნდებით იმ ეპოქაში, როდესაც აბაშიძის პირით ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს განვითარების, კეთილდღეობის და სიმშვიდის გასაღები მოსკოვშია, ამ დროს საერთაშორისო კონტექსტი დიდი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ შევქმნათ ჩვენი უკეთესი მომავლის წინაპირობა. დღეს დასავლეთმა დააწესა სანქციები რუსეთზე, რომ იგი ეკონომიკურად დაასუსტოს და ეკონომიკურად დასუსტებულს გარკვეული პირობები უკარნახოს. ეს პირობები პირველ რიგში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას გულისხმობს. ამ კონტექსტში აუცილებელია, რომ საქართველო არწმუნებდეს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყირიმთან ერთად განსახილველია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც. აბაშიძის განცხადებები და ივანიშვილის საგარეო პოლიტიკა ამის საწინააღმდეგოა. ის მიმართულია იქით, რომ საქართველო კი არ იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ წარმოადგენდეს რუსეთის უკანა ეზოს, როგორც ეს პუტინს წარმოუდგენია. მთავრობა დამოკიდებულს ხდის საქართველოს ბედს რუსეთზე“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, „რია ნოვისტისთან“ მიცემულ ინტერვიუში აცხდებს, რომ საქართველო, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის ახალ შესაძლებლობებს განიხილავს და მოხარული იქნება, თუკი რუსეთი მათთან პირდაპირ კონტაქტს შეუწყობს ხელს.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






