"ქართულ ოცნებაში" ახალი სახეების ძებნა უკვე დაიწყეს. "რა? სად? როდის?" კლუბის წევრების 20 კაციან შემადგენლობას პარტიაში ცოტა ხნის წინ უმასპინძლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ხელისუფლება ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება და კოალიციის რიგების გაფართოება სწორედ მოაზროვნეებით იგეგმება. ტელეკომპანიის ცნობით, დასახელდა ვადამდელი არჩევნების თვეც - სექტემბერი.
ინტელექტ-კლუბის „რა,სად, როდის?“ წევრი ლაშა კილაძე ადასტურებს, რომ მოაზროვნეების 20 კაციანი ჯგუფი კოალიციის წევრებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.
„კონკრეტული შემოთავაზებები არ ყოფილა, თუმცა გარკვეულ პირებს გააჩნიათ პოლიტიკური სიმპათიები მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი კლუბის სახელით შეიძლება ილაპარაკონ“, - განაცხადა კილაძემ.
ერთ–ერთი ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნოდ მოაზროვნეები პარტიის სახეები გახდებიან სანაცვლოდ გიორგი მოსიძემ დეპუტატის სავარძელი მოითხოვა.
„მე მზად ვარ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც დაინტერესდება, რომ მოაზროვნეები მიიწვიონ, რეკომენდაციები მივცე. მოვიდა დრო, რომ მოაზროვნეები ფართოდ მოვიდნენ პოლიტიკაში“, - განაცხადა მოსიძემ.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების კონკრეტულ თარიღზე არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ შეკითხვები ამ საკითზზე "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე შეხვდრებზე ხშირად ისმება.
მასალის გამოყენების პირობები






