კომპანია „არემჯი გოლდი“ საქართველოს მეტალურგიული მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ „არემჯი გოლდის“ ადმინისტრაცია პროფკავშირების რიგების დატოვების მიზნით თანამშრომლებზე ზეწოლას ახდენდა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა პროფკავშირული ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევისა. უფრო მეტიც, კომპანიის ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საწარმოში არსებულ პროფკავშირულ ორგანიზაციასთან, კომპანიაში დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით.
ამის დასტურია 2014 წლის მარტში გაფორმებული სამედიაციო შეთანხმება კომპანიასა და დასაქმებულთა ჯგუფს შორის. თამაზ დოლაბერიძის ცილისწამების პასუხად, თითქოს კომპანიის მხრიდან არ სრულდება სამედიაციო შეთანხმების პირობები, უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმებაში არსებული ძირითადი პუნქტები უკვე შესრულებულია, ხოლო დანარჩენ ვალდებულებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს დასკვნითი სამუშაოები.
რაც შეეხება პროფკავშირული ორგანიზაციიდან წევრების მასიურად გადინებას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საწარმოს ადმინისტრაციას ამ ფაქტთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ცალსახად ვაცხადებთ, რომ პროფკავშირული ორგანიზაციის ლიდერის მხრიდან გაკეთებული განცხადება არის ცილისწამება და მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიასა და მასში დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეთა შორის არსებული ჯანსაღი ურთიერთობის ხელშეშლას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






