კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები აჭარაში ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავენ.
ამის შესახებ კოალიციის წარმომადგენლებმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს.
„ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ არის. თუმცა მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს პარტიების ხაზით. ამიტომ სიმკაცრე იქნება პარტიაში, დისციპლინური სიმკაცრე“, - განაცხადა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრვალესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის არმაზ ახვლედიანის თქმით კი, აჭარაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლება კონკრეტული ანალიზის შემდეგ გამოსავლის ძებნაზე იფიქრებს.
„ვადამდელ არჩევნებზე საუბარი პოლიტსაბჭოზე არ ყოფლა, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ კონკრეტული ანალიზის შემდეგ, კოალიციის პოლიტსაბჭო და ხელისუფლება გამოსვლის კონკრეტულ გზებზე იფიქრებს. უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში არავის მიეცემა უფლება გადაუხვიოს სამართლებირივი და დემოკრატიული განვითარების გზიდან“, - განაცხადა ახვლედიანმა.
კოალიციის პოლიტსაბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომაზე აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებზე და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე მსჯელობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






