დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უსუფაშვილმა ქვეყნის საგარეო ვექტორზე ისაუბრა და უმცირესობას უსაყვედურა, რომ ყოველთვის უკმაყოფილოები არიან.
„დიდ ზურაბ აბაშიძეს მივმართავ, გაითვალისწინოს, რომ დარბაზში არის პატარა უსუფაშვილი, უმცროსი ზურაბ აბაშიძე, დიდი აკაკი მინაშვილი და თავისი გამოთქმები, შენიშვნები და ფრაზეოლოგია მაქსიმალურად მიუახლოვოს იმ დოგმატურ პოზიციებს, რომელსაც ჩვენი პატივსაცემი კოლეგები გვიკიჟინებენ. როგორც ბიბლიაში არ უნდა შეცვალო სიტყვა, ამ დონის დოგმატამდე უნდათ მიიყვანონ ნატო-სთან დაკავშირებული საკითხები.
გთხოვთ, რომ წერილობით მომაწოდოთ, რა ფრაზით შეიძლება იმ რეალობის აღწერა, რომ დიახ, სამწუხაროდ, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისე სწრაფი ვერ აღმოჩნდა, როგორც თქვენ გეგონათ 2008 წელს, როგორც მე მეგონა 1995 წელს უნდა ვყოფილიყავით და როგორც ყველას გვინდა, რომ ნატო-ში ხვალ და ზეგ მოვხვდეთ. ეს რეალობაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგათ და ამ ჩარჩოში ვმოძრაობთ. დამეთანხმებით, რომ თუკი უცხოელებთან ურთიერთობა თქვენ გაქვთ, მეც მაქვს და სრული პასუხისმგებლობით ხალხს ვეუბნები, რომ მე არ შემხვედრია არც ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობების და არც პოლიტიკური ძალების წევრები, რომლებსაც უთქვამთ, რომ „ქართულო ოცნებავ“ ამ ორი წლის მანძილზე ეს რომ ასე გაგეკეთებინათ, ნატოში გაწევრიანების პროცესში უფრო წინ იქნებოდითო.
ერთადერთი ხალხი ბრძანდებით, რომლებიც ყოველთვის უკმაყოფილი ხართ და თვლით, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ერთადერთები რომ არსებობენ, რომელთაც ჭეშმარიტებაზე მონოპოლია აქვთ, ამ თემაზე ბევრია დაწერილი და ნათქვამია არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიტერატურაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, ზურაბ აბაშიძემ გუშინ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას, აბაშიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანაში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგდეს და უახლოეს დღის წესრიგში ალიანსში გაწევრიანება არ დგას.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






