ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს მოუწოდებს გაემიჯნონ ზურაბ აბაშიძის განცხადებას და საქართველოს მოსახლეობას დაუმტკიცონ რომ საქართველოს ევროატლკანტიკურ კურსს საფრთხე არ ექმნება:
„ბიძინა ივანიშვილის პირადმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გააკეთა უაღრესად საგანგაშო განცხადება. მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილია ნატოს მინისტერიალი და მომავალ წელს დაგეგმილია ნატოს სამიტი, ეს განცხადება არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ექმნება აშკარა და რეალური საფრთხე, რაზედაც თავისუფალი დემოკრატები დიდი ხანია მივუთითებთ. ნატოს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტი, ითვალისწინებს ნატოს ინფრასტურუქტურის საქართველოში განთავსებას და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას.
საინტერესოა რომ აბაშიძის ეს განცხადება დროში დაემთხვა ლავროვის განცხადებას , გუშინ გამართულ კრიზისების საბჭოს სხდომას და თებერვლის ბოლოს დაგეგმილ აბაშიძე-კარასინის შეხვედრას.
თავისუფალი დემოკრატები მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, გააკეთოს საჯარო განცხადება და ღიად დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ასევე მივმართავთ საგარეო და ევროპაში და ევროატლანტკური სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროებს გაემიჯნონ ამ განცხადებას. „- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა და არასამთავრობოებს საკუთარი პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდა, რათა მთავრობას არ მისცენ საშუალება საქართველოს არჩეული გზიდან გადაუხვიოს.
შეგახსენებთ, დღეს ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობა არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანაში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგდეს.
მასალის გამოყენების პირობები






