რუსეთის ახალი სტრატეგია ახალია უკრაინასთან მიმართებაში. თუმცა ის ზუსტი ანალოგია იმისა, რაც კრემლმა საქართველოს მიმართ გამოიყენა.
მინსკში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, რუსული მხარე უკრაინის ძალების პოზიციებზე იერიშებს განაგრძობს. 15 თებერვალს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის მიუხედავად რუსმა სეპარატისტებმა ფართომასშტაბიანი იერიში წამოიწყეს დებალცევოზე და 18 თებერვალს სრულად დაიკავეს ეს ქალაქი. დებალცევო სეპარატისტების პოზიციებს შორის შეჭრილ ანკლავს წარმოადგენდა და, წმინდად სამხედრო თვალსაზრისით, რუსული მხარისთვის მის დაკავებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გარდა ამისა დებალცევო მნიშვნელოვან სატრანსპორტო (მათ შორის სარკინიგზო) ჰაბია, რომლის გამოყენებითაც სეპარატისტებს სწრაფად შეეძლებათ საკუთარი ძალების ფრონტის ხაზამდე გადასროლა.
შეტევის დაწყებამდე თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო აცხადებდა, რომ დებალცევო მათ ტერიტორიას წარმოადგენს და, შესაბამისად, ამ მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების შეჩერების ვალდებულება არ ჰქონდათ.
პარალელურად, რუსულმა მედიასაშუალებებმა პროპაგანდისტული საქმიანობა გააქტიურეს, რათა საინფორმაციო სივრცეში შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უკრაინა არღვევს. რუსული მედიიის მტკიცებით, მხოლოდ 17 თებერვალს Russia Today-ის გადამღები ჯგუფები უკრაინელი სნაიპერისა და ნაღმტყორცნის ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ.
შეტევის პარალელურად, 15-16 თებერვალს ორი საავტომობილო კოლონა (75 სატვირთო ავტომობილი) რუსეთიდან უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში შევიდა. აღნიშნულს წინ უსწრებდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 13 თებერვლის განცხადება, რომლის მიხედვითაც საზღვრის გასწვრივ რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში დიდი რაოდენობით ტვირთის შესატანად ემზადებოდნენ.
კრემლმა დებალცევოზე შეტევის დროს საკუთარი ჩვეული სტრატეგიაც გამოიყენა და არა კონფლიქტის მხარის, არამედ მესამე მხარის როლში ჩადგომას შეეცადა. რუსეთი მხარეებს სამშვიდობო შეთანხმების უპირობო დაცვისკენ მოუწოდებდა, თუმცა შეფასებას არ აძლევდა სეპარატისტების მოქმედებებს. ხოლო 18 თებერვალს უნგრეთში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინმა დებალცევოსთან შეიარაღებული დაპირისპირების განახლებაზე პასუხისმგებლობა კვლავ უკრაინულ მხარეს დააკისრა.
ასევე, ცალკეული შეტაკებები დაფიქსირდა ქალაქ მარიუპოლთან, რომელიც სავარუდოდ სეპარატისტების გააქტიურების შემდეგი მიმართულება იქნება.
ეჭვს არ იწვევს, რომ დებალცევოზე შეტევის საბოლოო მიზანი კონკრეტული ქალაქი ან თუნდაც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები არ არის. თუმცა, რუსეთი ამ შემთხვევაში არც ყირიმის სცენარს იმეორებს და კონკრეტული ტერიტორიების პირდაპირ ანექსიას არ ისახავს მიზნად.
დღეისათვის კრემლის პრიორიტეტულ მიზანს უშუალოდ უკრაინის ხელისუფლების დამხობა წარმოადგენს. ამისთვის კი აუცილებელია შეიარაღებული კონფრონტაციის გაჭიანურება რუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გაფართოების თანხლებით. მოსკოვის გათვლით, გაჭიანურებული სამხედრო მოქმედებები უკრაინის ხელისუფლებას ქვეყანაში რეალური რეფორმების გატარებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას არ მისცემს. ამას დაემატება წარუმატებელი სამხედრო კამპანიის შედეგად გამოწვეული იმედგაცრუება, რაც, საბოლოო ჯამში, მოსახლეობის განწყობებზე იმოქმედებს. ამ სტრატეგიაში ცალკე სამიზნე ჯგუფს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები წარმოადგენენ. რუსული მედიასაშუალებები პერიოდულად თავად იგონებენ სამხედროების „უკმაყოფილების“ გამოვლინენებებს ან რეალურად მომხდარ ფაქტს აზვიადებენ. ამ კუთხით განცხადება 18 თებერვალს პუტინმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინელ სამხედროებს ძმათამკვლელ ომში მონაწილეობა არ სურთ.
რუსეთი რომ ფსონს უკრაინის ხელისუფლების დამხობაზე დებს, ის გარემოებაც მიუთითებს, რომ კრემლი აქცენტს არ აკეთებს ლუგანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობის საკითხზე და ნაცვლად ამისა ჟღერდება ფედერალიზაციის იდეა. პერიოდულად ადგილი აქვს იმის ხაზგასმასაც, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, ბუნებრივია, ყირიმის გამოკლებით.
მოსკოვი შეიარაღებული კონფრონტაციის შენარჩუნებით ალტერნატიული სცენარის განვითარებისთვისაც ამზადებს ნიადაგს. იმ შემთხვევაში, თუ დასვლეთის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის შედეგად უკრაინის ხელისუფლების დამხობა ვერ მოხერხდა, რუსეთი უკვე არსებული პოზიციებიდან სამხედრო ძალისხმევის მნიშვნელოვანი გაზრდით უკრაინის შუაზე გახლეჩას და შავი ზღვიდან სრულ მოწყვეტას შეეცდება. ამ მიზნის უზრუნველსაყოფად რუსეთი შეეცდება დესტაბილიზაცია მოახდინოს უკრაინის ცენტრალურ და სამხრეთ პროვინციებში, მათ შორის ოდესის რეგიონში სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის ხვედრითი წილი დიდია. ამ ტერიტორიების დაკავებით რუსეთს საშუალება მიეცემა, რომ სახმელეთო კავშირი დაამყაროს მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონთან. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი ხედავს რეალურ შესაძლებლობას, რომ არამხოლოდ უკრაინის მნიშვნელოვან ნაწილზე დაკარგოს გავლენა, არამედ – მოლდოვაზეც.
საერთო ჯამში, ორივე სცენარის პირობებში დაზავება რუსეთისთვის მხოლოდ მცირე დროის მოგების საშუალებაა, რათა აშშ-ს ხელი შეუშალოს ევროპული სახელმწიფოების მობილიზებასა და სანქციების გამკაცრებაში.
უკრაინის კრიზისი მთლიანობაში კიდევ უფრო დიდი მასშტაბის ცვლილებას იწვევს ევროპის უსაფრთხოების სისტემაში და ძირითად მოთამაშეებს საკუთარი პოლიტიკის ცვლილებას აიძულებს:
დღეის მდგომარეობით, უკრაინის კრიზისმა უკვე დაუსვა წერტილი ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოების, გერმანიისა და საფრანგეთის, ბოლო ორი ათწლეულის საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიას. ეს კი თავის მხრივ ზრდის აშშ-ის მნიშვნელობას ევროპის რეგიონის სახელმწიფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატო მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ამ კუთხით არც აშშ-ის მნიშვნელობა შეცვლილა, გერმანიას განსხვავებული ამბიციები გაუჩნდა. გერმანია ცალსახად მიისწრაფვოდა ევროპის რეგიონში აშშ-ის როლის შემცირებისკენ და საკუთარ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე დაყრდნობით გავლენის მოპოვებას იმედოვნებდა. რუსეთის დაბალანსებას გერმანია აშშ-ის ლიმიტირებული როლით და თავად რუსეთის ევროპასთან ეკონომიკური ინტეგრაციაში ხედავდა. თუმცა, აღნიშნულმა მიდგომამ ევროპის რეგიონში შექმნილ ვერცერთ კრიზისულ ვითარებაში და მათ შორის ვერც უკრაინაში ვერ იმუშავა. გერმანია და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოები რუსეთთან ეკონომიკური ინტეგრაციის პოლიტიკის მხარდაჭერით საპირისპირო შედეგამდე მივიდნენ და თავად რუსეთის პოზიციები გაძლიერდა რეგიონში. ევროკავშირის სახელმწიფოებს რუსეთზე ზემოქმედებისთვის შესაბამისი სამხედრო პოლიტიკური წონა არ გააჩნიათ. შესაბამისად, რეალობასთან დაშორებულია საფრანგეთის და განსაკუთრებით გერმანიის მიდგომა, რომ ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტი თავად გახდნენ და ევროკავშირი გავლენის ცალკე ცენტრად ჩამოყალიბდეს.
დღეისათვის გერმანია ვერ შეძლებს დაარწმუნოს აღმოსავლეთ ევროპის ვერცერთი სახელმწიფო, რომ მას რუსეთზე ზემოქმედების რეალური ბერკეტები გააჩნია და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობა აქვს. შესაბამისად, რუსეთის აგრესიის ფონზე აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები ერთადერთ ქმედით მექანიზმად კვლავ აშშ-ის როლის ზრდას მიიჩნევენ.
რეალობა შეიცვალა თავად გერმანიისთვისაც. გერმანია იძულებული ხდება, აშშ-ის როლის ზრდას შეუწყოს ხელი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ევროკავშირის საზღვრებთან შეკავება შეუძლებელი იქნება. ამ შემთხვევაში გერმანიისთვის კოშმარული სცენარი რუსეთის ბალკანეთის რეგიონში შეღწევა იქნება, სადაც სერბების სახით კრემლს მნიშვნელოვანი დასაყრდენი ეყოლება.
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის კრიზისის გამწვავების ფონზე ევროპის რეგიონში გერმანიის ინიციატივის დაკარგვამ და უსაფრთხოების მთავარ გარანტად აშშ-ის დაბრუნების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო.
წყარო: http://movineu.ge/?p=7658
მასალის გამოყენების პირობები






