იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, გია სოსანაშვილის ადვოკატი, სოსო ჯოგლიძე საქმეში საეჭვო გარემოებებზე საუბრობს.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ჯოგლიძე განმარტავს, სოსანაშვილს დაკავებამდე ერთი დღით ადრე დნმ-ის ანალიზი აუღეს, რომელიც არ დაილუქა. ადვოკატი ეჭვობს, რომ ეს ანალიზი შემთხვევის ადგილზე ხელოვნურად იქნა დატანილი.
„სანამ მასთან შვეიდოდი, მისმა ნათესავებმა მითხრეს, რომ დნმ-ის ანალიზი დაკავებამდე ერთი დღით ადრე აუღესო, ასევე ანალიზი აუღიათ დაკავებისასაც. ანალიზი, რომელიც 6-ში აიღეს, არ დალუქეს და შვიდში რაც აიღეს დალუქეს. არ არის გამორიცხული, რომ დნმ-ის ანალიზი გაეყალბებინათ. დნმ-ის ანალიზის ორჯერ აღების ფაქტი დამიდასტურა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმაც. ალბათ ამ ფაქტის გამოსავლენად ექსპერტიზას მივამრთავთ. დამოუკიდებელ ექსპერტიზას იმხელა წონა და ფასი არ აქვს, როგორც სამსახრაულს. ამიტომ სამხარაულის საექსპერტო ბიუროს მივმართავ, მათ სხვა შეკითხვებს დავუსვამ, რომელიც გამოძიებას არ დაუსვამს. თუმცა ამას ეხლა ვერ გავამჟღავნებ“, - ამბობს ჯოგლიძე.
ადვოკატი გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება, რომლის თანახმად მძიმე დაავადების გამო შესაძლოა სოსანაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლეს. ჯოგლიძე ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს.
„დღევანდელ პირობებში ასეთი კვალიფიკაციით და მუხლით, თუ დაავადება ჩამონათვალში არ იქნება, ექსპერტიზის გარეშე არავინ გაათავისუფლებს. ასე, რომ ეს აბსურდულად მიმაჩნია. შეიძლება მკურნალობა დაჭირდეს, თუმცა ამ დაავადების გამო არ გათავისუფლდება“, - ამბობს ჯოგლიძე.
ადვოკატი კიდევ ერთხელ იხსენებს სოსანაშვილის ყარაფილაში ჩასვლის ფაქტს და ამბობს, რომ ბრალდებული სოფელში აფეთქების წინა ღამეს იმყოფებოდა.
„ყარაფილაში წინა ღამეს იმყოფებოდა ნათესავთან, სოსოსთან. იქიდან წამოვიდა თავის სოფელში, საკორინთლოში. პატრულები, რომელიც მას ახლდნენ, პოსტზე წავიდნენ. დილით მანქანა გაფუჭებული დახვდა და ხელოსანთან ჩაიყვანა. ამ ფაქტს ხელოსანიც ადასტურებს“, - ამბობს ადვოკატი.
მასალის გამოყენების პირობები






