„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი კარასინი-აბაშიძის ფორმატის აღდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინაპირობად რუსეთს მოუწია საქართველოსთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებისათვის, რომლითაც, ფაქტობრივად, აღიარა საქართველოს სუვერენიტეტი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ ხელშეკრულების ამოქმედება, ისევე როგორც რუსეთის მიერ ჯაშუშობისათვის ბრალდებული ქართველების გამოხსნა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მ ა გ რ ა მ
არცერთი ეს მიზანი თუ ამოცანა არ საჭიროებს აბაშიძე-კარასინის ფორმატს. პირველს სჭირდება ჟენევაში, შვეიცარიის შუამავლობით, რუსეთსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ხელშეკრულების დანართ დოკუმენტებზე საბოლოო წერტილის დასმა, ხოლო მეორეს - ასევე ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მკაცრი საუბარი.
ეს ყველაფერი შესაძლებელია აბაშიძე-კარასინის ფორმატის გარეშეც!“, - წერს ჭიაბერაშვილი.
ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატი აღდგა და შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება.
„ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში, ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, რომელიც იქ განიხილება , იქნება ხელშეკრულება, რომელიც 2011 წელს გაფორმდა საქართველოსა და რუსეთს შორის, ეს გახლავთ ხელშეკრულება სასაქონლო ვაჭრობასა და საბაჟო ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ, ამ ხელშეკრულების იმპლიმენტაციის მიზნით შერჩეულია შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტვირთების მონიტორინგი.“- აღნიშნა აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






