საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით არჩევანი პრინციპულ ადამიანზე შეჩერდა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძის წარდგენისას განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით გვენეტაძე სასამართლო ხელისუფლების დაცვის რეალური სიმბოლოა.
„მადლობა მინდა ვუთხრა, ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონაწილეობდა ამ პროცესში. ეს იყო უპრეცედენტოდ დემოკრატიული პროცესი. ჩვენ 28 კანდიდატი შევარჩიეთ. გადაწყვეტილების მიღება რთული იყო. შევარჩიეთ პროფესიონალი, სამართლის დოქტორი მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით, უზენაესი სასამართლოში 6-წლიანი მოსამართლის მუშაობის გამოცდილების. ჩვენ შევარჩიეთ მენეჯერული გამოცდილების ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.
განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ მის პრინციპულობას. ის არის პრინციპული და ძლიერი თავის გადაწყვეტილებაში. ის არის რეალურად სიმბოლო სასამართლო ხელისუფლების დაცვის. ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელსაც საზოგადოება იდეალებისთვის ბრძოლაში კარგად იცნობს. ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელსაც საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ეს ადამიანი იყო „რესპუბლიკურ პარტიაში“, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ იყო ოპოზიციაში და როცა „რესპუბლიკელები“ კოალიციასთან ერთად ხელისუფლებაში მოვიდნენ, მან პარტიის წევრობა შეიჩერა. გვენეტაძე გააჩნია ყველა იურიდიული გამოცდილება.
მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი იქნება შეუქცევადი სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






