ექსპერტი ნიკა ჩიტიძე ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება და ექსპერტების კრიტიკასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას ჩიტიძე აცხადებს, რომ ივანიშვილის და დღევანდელი ხელისუფლების ხედვა დემოკრატიულ ჩარჩოებს ცდება, რადგან თითიოეული ექსპერტი არის საქართველოს მოქალაქე და მათ აქვთ სიტყვისა და გამოხატის თავისუფლება, რაც მმართველი გუნდის გაღიზიანებას არ უნდა იწვევდეს.
მისი თქმით, ივანიშვილი მხოლოდ იმ ადამიანებს უწოდებს ანალიტიკოსებს, რომლებიც თვითონ უნდა აღზარდოს.
„თითოეული ექსპერტი გახლავთ საქართველოს მოქალაქე და ბუნებრივია მას გააჩნია საკუთარი პოლიტიკური პოზიცია. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლი ითვალისწინებს სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას და ბუნებრივია მათ აქვთ უფლება დააფიქსირონ საკუთარი აზრი.
ბუნებრივია ხელისუფლების გაღიზიანებას არ უნდა იწვევდეს ის ფაქტი რომ ექსპერტებს განსხვავებული აზრი აქვთ და განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ. თუ დღევანდელ ხელისუფლებას სურს დემოკრატიულად წინსვლა შესაბამისად მან უნდა დაიცვას დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რაც არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
როდესაც ბატონი ივანიშვილი გამოდის და ანალიტიკოსებს უწოდებს იმ ადამიანებს რომლებიც თვითნ უნდა აღზარდოს, ეს ცოტა არ იყოს გაუგებარია, იმ კომენტარის შემდეგ რომელიც მან გააკეთა ექსპერტებთან დაკავშირებით, რადგან ისინი იქნებიან ტენდენციურები და არ იქნებიან ობიექტურები.
მე ვფიქრობ რომ ამაზე დრო არ უნდა დაიხარჯოს და გააკეთონ ისეთი პროექტები, რომელიც მოსახლეობას გამოადგება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუჯობესებლად - ეს არის ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის რეკომენდაცია ხელისუფლების მიმართ“. - განაცხადა ნიკა ჩიტიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






