„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ მათი გუნდის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში პეტრიაშვილმა განაცხადა, ივანიშვილს სურს შექმნას აზრი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ალასანიას გუნდი ერთადაა, რითაც პრობლემების და საზოგადოების აზრის იგნორირებას ახდენს.
„მისი მცდელობაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოხდეს ჩვენი დაჯგუფება. სწორედ დღევანდელი ხელისუფლების საქციელი, რაც გამოიხატება პრობლემების და საზოგადოების აზრის იგნორირებაში და ასე შემდეგ, გვაგონებს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ხელწერად. ეს ერთი. მეორე, „ნაციონალური ოცნება“ მხოლოდ იმიტომ არ გახდა „ნაციონალური ოცნება“, რომ „ოცნების“ რიგებში მოხდა უმტკივნეულოდ შეჯერება „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი წევრების. თუ ჩვენ ამას დავაკვირდებით ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და სხვადასხვა ორგანოებში, მინდა გითხრათ, მკაფიოა რომ „ნაციონალური ოცნება“ არა მარტო პარლამენტში დამკვიდრდა, არამედ - ქვეყნის მასშტაბითაც“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება წარსულში მითითებებს სწორედ ივანიშვილისგან იღებდა.
„არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში, როდესაც ივანიშვილი მათთან მჭიდრო კავშირში იყო, ბევრ რამეს სწორე მისი ინსტრუქციით ახორციელებდა. მისი ინსტრუქციით მოქმედებდნენ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და სხვები. ამიტომ როცა სხვებზე საუბრობს, გაიხსენოს როგორ აკვალიანებდა სააკაშვილის რეჟიმს“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბარში პეტრიაშვილმა.
ისევე როგორც ალასანიამ, მან ივანიშვილი "დე-ფაქტო პრემიერად" მოიხსენია და განაცხადა, რომ ის ფორმალურად მართავს ხელისუფლებას.
„ის დეფაქტო პრემიერია და რაც მეტს ილაპარაკებს ეს უფრო მკაფიოდ გამოჩნდება. ის უნდა გახდეს ფორმალურად პრემიერი, ბავშვიც კი ხვდება იმას, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ფიქტიური პრემიერი ჰყავს და ეს არის ივანიშვილი“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ირაკლი ალასანია და მისი პარტია ნელ-ნელა არგუმენტებზე უარს ამბობენ და"მათი გამონათქვამები "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკას ემსგავსება“.
მასალის გამოყენების პირობები






