„ნაციონალური მოძრაობა“ მათი მისამართით ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, ქვეყანას საფრთხეს არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ბიძინა ივანიშვილი უქმნის.
„სამწუხაროა, რომ ქვეყანას პარანოიკი მართავს, რომელსაც ძალიან ბევრი ფობია აქვს, მაგრამ გამოკვეთილი შიში აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ორი წელია გვესმის გაუაზრებელი საუბრები საბურავებზე და ასე შემდეგ. არც ერთი ფაქტი არა დადასტურებულა. ორი წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი დესტრუქციული ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს. ქვეყანას ანგრევს არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ციხიდან კრიმინალები გამოუშვა ციხიდან, ლარი სად არის კი იცით, თანამდებობებზე ნათესავებს ნიშნავენ და ასე შემდეგ“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ქვეყანაში არეულობის გამოწვევა სურთ.
„არეულობის შემთხვევაშიც "ნაციონალებს" ხელისუფლებაში მოსვლის შანსი მაინც არა აქვთ. ქართველი ხალხი არ არის ისეთი ბრიყვი, როგორიც მათ ჰგონიათ, სააკაშვილს მეორედ თავზე არ დაისვამენ - ამის თეორიული შანსიც არ არსებობს. არეულობის მოწყობასაც ვერ მოახერხებენ, რადგან აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი მთავრობა და ხელისუფლება გვყავს, "ნაციონალებს" არა აქვთ არეულობის გამოსაწვევი რესურსი. თუმცა, ვიმეორებ, სურვილი აქვთ, საქართველო ცეცხლის ალში იწვოდეს, მაგრამ ვერ მიაღწევენ, საზოგადოება ტყუილად ნუ შფოთავს. ახლა უკრაინაში ნახეს თავშესაფარი, თუმცა, ვისურვოთ, რომ იქ მოვლენები პოზიტიურად განვითარდეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






