ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ზურაბ ჟვანიას საქმეში ბოლო პერიოდში გამოკვეთილ გარემოებებს ეხმაურება.
როგორც გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ივანიშვილი ამბობს, არსებობს ეჭვი, რომ „ქვეყნის პრემიერი მოკლულია“.
„მოლოდინიც მაქვს და სურვილიც, რომ ჟვანიას საქმე გაიხსნას. ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. პროკურატურისა და მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ არის ეჭვი - ქვეყნის პრემიერი მოკლულია. ეჭვის საფუძველს იძლევა "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა და თუნდაც ის, რაც ხდებოდა ვაზაგაშვილების საქმეში. ეს ეჭვი ან უნდა დამტკიცდეს, ან გაქარწყლდეს. პროკურატურის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი ამაღლდა და მას ხელეწიფება, ჟვანიას საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ეს აჟიოტაჟი, რაც მიმდინარეობს "რუსთავი 2"-ზე, შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ზოგიერთი ძალიან შეშფოთდა. აქცენტების გადატანა სურთ. წინა პლანზე წამოსწიეს სექსუალური ორიენტაციის თემა (რაც მიუღებელია), არადა, თავად ამბობენ, რომ სუპერლიბერალები არიან. ამას აკეთებს "რუსთავი 2", რომელიც, სინამდვილეში, აგიტაციის მანქანაა და ღმერთმა მოახმაროს "ნაციონალურ მოძრაობას". ამ მიმართულებით წაიყვანეს საკითხი, რაც დამატებით ეჭვებს და კითხვებს აჩენს, რამდენად სცემს პატივს "ნაციონალური მოძრაობა" ადამიანის უფლებებს ("რუსთავი 2" "ნაციონალების" ნაწილად მიმაჩნია)“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






