ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ოპტიმალურად შერჩეული გუნდია, რომელსაც ღირსეული პრემიერი ხელმძღვანელობს.
ამის შესახებ ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნათესავებთან დაკავშირებით არსებული პრობლემა მოქმედმა პრემიერმა ღირსეულად გადაჭრა.
„მე ვუთხარი ღარიბაშვილს, რომ ამ კუთხით და კიდევ დაცვასთან დაკავშირებით პრობლემები ექნებოდა. დაცვას შეუძლია თავბრუ დაგახვიოს, ისეთ ანტურაჟს გიქმნის, რომ საოცარი ადამიანი ხარ და სხვა არ უნდა გაგეკაროს. თუმცა, მივიჩნევ, რომ ეს პრობლემები ღარიბაშვილმა ძალიან სწრაფად და გენიალურად გადაჭრა. ჯანყარაშვილის პრობლემა დამთავრებულია. მედიაში პრემიერის სხვა ნათესავებზეც კეთდება აქცენტი, თუმცა, მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ეს ყველაფერი გადაჭარბებულია“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ექსპრემიერის თქმით, ის აპირებს, რომ ნეპოტიზმსა და კორუფციაზე კვლევების და ფილმები გააკეთოს.
„მუდმივად გამოძიების პროცესში ვიქნებით. შევქმნით სპეციალურ საიტს, მითითებული იქნება ტელეფონის ნომრები და ყველას მოვუსმენთ, ვისაც ნეპოტიზმთან დაკავშირებული პრეტენზია ან ინფორმაცია ექნება. შედეგებს კი საზოგადოებას გავაცნობთ. ხაზს ვუსვამ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრობლემებს ძალიან კარგად გაართვა თავი, თუნდაც მაშინ, როდესაც შს მინისტრი იყო. ყველას ახსოვს, როგორი პოლიცია ჩაიბარა მან. ვფიქრობ, ღირსეული "მემკვიდრე" დავტოვე ღარიბაშვილის სახით და თუნდაც ამიტომ იმავე სისტემურ კორუფციაზე საუბარი არ შეიძლება. მთავარია, საზოგადოება იყოს თავის ადგილზე და გასწიოს კონტროლი. დღეს მთავრობა არის გამჭვირვალე, ითვალისწინებს საზოგადოების შენიშვნებს, თუ შეცდომები მოსდის, ასწორებს. იდეალური არავინ არის, მაგრამ სამთავრობო გუნდი ოპტიმალურად არის შერჩეული, რომელსაც ღირსეული პრემიერი ხელმძღვანელობს“, - ამბობს ექსპრემიერი.
მასალის გამოყენების პირობები






