"აშშ საგარეო პოლიტიკის პროგნოზისათვის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია“ გადამწყვეტ როლს თამაშობს. ეს დოკუმენტი ასახავს წინა პერიოდის ანალიზის შედეგად მიღებულ დასკვნებს, რომელთაც ადმინისტრაცია სახელმძღვანელოდ იღებს მომდევნო პერიოდში. ახალი სტრატეგია ქვეყნდება მაშინ, როცა ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და სახელმწიფოს შესწევს უნარი, რომ ნაბიჯები გადადგას სწორედ ისე და იმ მიმართულებით, რის განაცხადსაც ამ სტრატეგიით აკეთებს.
აშშ-ის ახალი „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია“ კარდინალურად განსხვავდება წინამორბედი დოკუმენტისაგან და ასახავს ყველა იმ მოლოდინს, რაც აშშ-ის მეგობრებსა და მოკავშირეებს ლოგიკურად აქვთ.
2010 წლის შემდეგ 2015 წლის 5 თებერვალს აშშ-მ პირველად გამოაქვეყნა ახალი „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია“. დოკუმენტი სტრატეგიულ დონეზე აშშ-ის უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებს და პრიორიტეტებს განსაზღვრავს. შემდგომში აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა სწორედ „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის“ მიხედვით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად ხდება, რის გამოც დოკუმენტს უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ს აქვს უნიკალური შესაძლებლობები და ლიდერის როლი, რომლის საშუალებითაც ახდენს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას. აშშ მძლავრი პოზიციების ნათლესაყოფად დაფიქსირებულია, რომ აშშ-მ დაძლია ეკონომიკური კრიზისი, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ფაქტს, რომ ბუნებრივი აირის და ნავთობის ახალი ტექნოლოგიებით მოპოვების საშუალებით აშშ მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელი გახდა. დოკუმენტის მიხედვით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად ბოლო 20 წლის განმავლობაში აშშ-ის დამოკიდებულება იმპორტირებულ ნავთობზე არის ყველაზე დაბალი და კიდევ უფრო მცირდება. ხაზგასმულია, რომ აშშ-ის მზარდი წარმოების პარალელურად სხვა ნავთობმომპოვებელი ქვეყნები არ ამცირებენ წარმოებას, რაც ხელს უწყობს ბაზრის სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდისთვის სასარგებლო ფასის ფორმირებას. ეს გზავნილი პირდაპირ მიანიშნებს აშშ მოტივაციაზე, რომ როგორც წმინდა ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მოტივებით შენარჩუნდეს ნავთობის დაბალი ფასი, რაც თავის მხრივ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეკავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია.
რუსეთის შეფასების თვალსაზრისით 2015 წლის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია“ კარდინალურად განსახვავდება წინამორბედისგან. ახალ სტრატეგიაში უდიდესი ყურადღება ეთმობა რუსეთის მზარდ საფრთხეს და აგრესიულ პოლიტიკას, აგრეთვე შეიცავს ძალიან პოზიტიურ გზავნილებს აშშ-ის ევროპელი პარტნიორების მათ შორის საქართველოს მიმართ.
2010 წლის დოკუმენტისგან განსხვავებით, 2015 წლის სტრატეგია რუსეთს მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშის და პოტენციური პარტნიორის ნაცვლად საფრთხედ და აგრესორ ქვეყნად აცხადებს.
2010 წლის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში“ რუსეთი 14-ჯერ არის ნახსენები და პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში ხაზგასმულია რუსეთთან თანამშრომლობის უდიდესი მნიშვნელობა საერთო ინტერესების უზრუნველსაყოფად. 2010 წლის დოკუმენტში არ არის დაფიქსირებული, რომ რუსეთი ხელყოფს მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ნაცვლად ამისა ირიბად არის მინიშნება, რომ აშშ განაგრძობს რუსეთის მეზობლების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
2015 წლის დოკუმენტში რუსეთი 15-ჯერ არის ნახსენები და თითქმის ყველა შემთხვევაში დასახელებულია, როგორც აგრესორი სახელმწიფო, რომლის შემდგომი აგრესიის შესაკავებლადაც აუცილებელია ზომების მიღება. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის შესავალ ნაწილში რუსეთი, ტერორიზმის საფრთხესთან ერთად, მოხსენიებულია როგორც გამოწვევა აშშ-ის და მის მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის; რამდენჯერმე ხაზგასმით არის დაფიქსირებული, რომ რუსეთი არღვევს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 2010 წლის დოკუმენტისგან განსხვავებით, ახალ ვერსიაში რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას მხოლოდ ერთი წინადადება ეთმობა, ისიც წინაპირობების დასახლებით. დოკუმენტის მიხედვით აშშ ღიად ტოვებს კარს საერთო ინტერსების სფეროში რუსეთთან თანამშრომლობისთვის იმ შეთხვევაში, თუ კრემლი განსხვავებულ მიდგომებს აირჩევს და პატივისცემას გამოიჩენს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის მიმართ.
2015 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მოიცავს უმნიშვნელოვანეს გზავნილებს იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავს აშშ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეკავებას და პარტნიორების, მათ შორის, საქართველოს დახმარებას.
დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის შეიარაღებული ძალები განაგრძობს მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და აგრესიის შეკავებას წინმსწრები განლაგებით მოკავშირე სახელმწიფოებში. ხოლო, თუ შეკავების სტრატეგია ჩავარდა, აშშ-ის ძალები მზად იქნება გლობალური მასშტაბით იმოქმედონ, რათა დაამარცხონ და უკუაგდონ აგრესია მრავალ თეატრზე. დოკუმენტის მიხედვით, აშშ შეიარაღებული ძალების ყოფნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვანია, რათა შეკავებულ იქნას რუსეთის შემდგომი აგრესია.
დოკუმენტის მიხედვით, აშშ გააძლიერებს საკუთარ შესაძლებლობებს, რათა მოხდეს სახელმწიფოთაშორისი და შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების პრევენცია. სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების კონტექსტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, აგრეთვე რუსეთის აგრესიული პოზიცია სხვა მეზობლების მიმართ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ნორმებს.
ამავდროულად, დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ გამიზნული ეკონომიკური სანქციები დარჩება ეფექტურ მექანიზმად იმ უპასუხისმგებლო აქტორების წინაღმდეგ, რომლებიც ახორციელებენ აგრესიას. დოკუმენტის მიხედვით, აშშ ასეთი ქვეყნების წინააღმდეგ უზრუნველყოფს როგორც მრავალმხრივი სანქციების დაწესებას, ასევე იმოქმედებს დამოკიდებლად, თუ ამის აუცილებლობა გაჩნდება.
დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა ევროპასთან აშშ-ის მტკიცე პარტნიორობის გაძლიერებას. დოკუმენტის მიხედვით, ძლიერი ევროპა აშშ-ის შეუცვლელი პარტნიორია, მათ შორის გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის თვალსაზრისით. დოკუმენტის მიხედვით, აშშ მტკიცედ დაუჭერს მხარს ბალკანეთის ქვეყნების და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების მისწრაფებებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და გააღრმავებს ურთიერთობებს კავკასიის ქვეყნებთან.
2015 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში პირველად არის ნახსენები, რომ აშშ დახმარებას გაუწევს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, რათა მათ უკეთესად შეძლონ მუშაობა აშშ-სთან და ნატოსთან და უზრუნველყონ საკუთარი თავდაცვისუნარიანობა.
დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ხაზგასმულია, რომ აშშ შეაკავებს და დაამარცხებს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, რომელიც ემუქრება აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და მის მოკავშირე სახელწიფოებს.
სტრატეგიული დოკუმენტის დონეზე აშშ-ის მხრიდან გაჟღერებული გზავნილები პრაქტიკულად წარმოადგენს ვაშინგტონის რესურსების და ძალისხმევის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ მობილზების წინაპირობას. დოკუმენტში აშშ ნათლად აფიქსირებს, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად თვისობრივად ახალ და პრინციპულ სტრატეგიას გამოიყენებს. აქედან გამომდინარე, უახლოესი თვეებიდან რუსეთს დიპლომატიურ და ეკონომიკურ დონეზე მნიშვნელოვანი დარტყმების მიღება მოუწევს. კრემლის ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს ბაზრზე ნავთობის დაბალი ფასის შენარჩუნება. იმ პირობებში, როდესაც აშშ-ში მკაფიოდ ჩამოყალიბდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეკავების პოლიტიკური ნება, საქართველოს ექმნება პრაქტიკულად უპრეცედენტო შანსი, რომ მნიშვნელოვნად გააღრმავოს თანამშრომლობა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან, რისთვისაც საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უსწრაფეს რეჟიმში მოამზადოს კონკრეტული წინადადებები თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს უსაფრთხოების სფეროს განვითარების შესახებ.
ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
"მოძრაობა დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის"
მასალის გამოყენების პირობები






