უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს. შეთანხმების მიღწევას წინ ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში გამართული, ხანგრძლივი და დაძაბული მოლაპარაკებები უძღოდა.
რამდენად შესაძლებელია ამ შეთანხმების შესრულება იმ პირობებში, როდესაც რუსეთს უკრაინასთან არგამოცხადებული ომი აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა პუტინი თავს კონფლიქტის მონაწილე მხარედ არ თვლის.
როგორც ”ნიუპოსტთან” საუბარში ექსპერტი ნიკა ჩიტიძე აღნიშნავს, რუსეთის ნდობა რთულია, რადგან მისი მხრიდან შეთანხმებების არშესრულების ცუდი გამოცდილება არსებობს.
”რუსეთის ნდობა რთულია, ვინაიდან არსებობს გამოცდილება საქართველოს მაგალითზე, როდესაც რუსეთი წარმოადგენდა გარანტს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გარკვეული ხელშეკრულებებისა, მაგრამ სწორედ რუსეთის დახმარებით და ჩარევით ირღვეოდა ეს ხელშეკრულებები. 1992 წელს ასეთი ხელშეკრულების დადების შემდეგ , აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის დახმარებით აიღეს გაგრა, შემდგომში 1993 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას მოჰყვა სოხუმის დაცემა, ასევე ამის მაგალითია 2008 წლის ხელშეკრულება, რომელიც რუსეთმა არ შეასრულა.”- აღნიშნავს ექსპერტი.
ნიკა ჩიტიძის აზრით ამ ხელშეკრულების მთავარი პრობლემა ისაა რომ მოლაპარაკებებში რუსეთი თავისთავს არა როგორც კონფლიქტის მონაწილედ არამედ მედიატორად წარმოადგენს, შესაბამისად არ იღებს პასუხისმგებლობას შეთანხმების დარღვევაზეც.
”მინსკის შეთანხმება მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ რუსეთი ყოველთვის განაცხადებს, რომ ის არ არის კონფლიქტის მონაწილე მხარე და ხელშეკრულების დარღვევაზე პასუხი უნდა მოეთხოვოს სეპარატისტებს. რუსეთი დაინტერესებულია კონფლიქტის ესკალაციით და უკრაინაში დესტაბილიზაციით, ამიტომ ამ ხელშეკრულების პრაქტიკაში რეალიზება პრობლემური იქნება. გარდა ამისა უკრაინა გარკვეული პერიოდით ვერ შეძლებს დაამყაროს კონტროლი დონეცკის ოლქზე.”- აცხადებს ჩიტიძე.
ჩიტიძის თქმით, ხელშეკრულებაში წარმოდგენილი პირობების შესრულება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ პარალელურად რუსეთზე სანქციებით ზეწოლა შენარჩუნდება:
”საერთო ჯამში თუ ხელშეკრულებამ იმუშავა, რაც შესაძლებელი ხდება დასავლეთის სანქციების ფონზე, შესაძლოა კონფლიქტი გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვარდეს. 2008 წელს საქართველოს შემთხვევაში რუსეთზე არანაირი ეკონომიკური სანქციები არ მოქმედებდა და რუსეთს ასე რომ ვთქვათ, გაუვიდა ხელშეკრულების დარღვევა, ამ შემთხვევაში კი რუსეთს არანაირად არ უნდა გაუვიდეს.
სანციები უნდა გაგრძელდეს რუსეთის მიმართ და გამკაცრდეს, რათა იმისდა მიუხედავად, რომ რუსეთი თავს კონფლიქტის მონაწილედ არ აღიარებს მან დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის პირობები.”- განაცხადა ჩიტიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






