საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი დავით საგანელიძის მიერ მის მიმართ გაკეთებულ მწვავე განცხადებას ეხმაურება.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ქუცნაშვილმა განაცხადა, საგანელიძის ნათქვამზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.
„საერთოდ, ჩემი მხრიდან ამ განცხადებაზე კომენტარი სერიოზული არ იქნება. თუმცა მოკლედ ვიტყვი, როდესაც დათომ ხაზგასმით თქვა, რომ ის არ არის ვალდებული ესაუბროს ყველა წევრს, ამით მან მოახდინა თავის თავის დელეგიტიმაცია. მეტს ვერაფერს დავამატებ“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
დავით საგანელიძემ ქუცნაშვილის თავშეკავებისკენ მოუწოდა.
"პრეზიდენტთან ჩემს მიერ მოლაპარაკებების წარმართვა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. ამის შემდეგ, რამდენიმე შეხვედრა მქონდა ე.წ. უმრავლესობის ბიუროსთან, რომელსაც ესწრება ყველა ფრაქციის ხელმძღვანელი, მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები. ყველა დეტალი და ნიუანსი გავიარეთ“, - აცხადებს საგანელიძე.
საგანელიძის თქმით, ზაქარია ქუცნაშვილი ახალგაზრდა კაცია და მას მეტი დაფიქირება, თავშეკავება, გუნდურობა და სიტყვების მოზომვა მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, „ცხოვრებაში ცხვირი წაიმიტვრიოს“.
მასალის გამოყენების პირობები






