მოუწევს თუ არა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობის დათმობა და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე უარის თქმა? უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილებოდა, ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა რუსულ ტელეკომპანია დოჟდისთვის მიცემულ ინტერვიუში, თუმცა ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციის, ამ პოსტზე დანიშვნისგან თავად სააკაშვილმა შეიკავა თავი, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობა უკრაინის მოქალაქეობას მოითხოვს. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღნიშნული თანამდებობის დაკავება არ ეკრძალება.
ყოფილი სახელისუფლო გუნდის წევრების უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნასა და ექსპრეზიდენტის მოქალაქეობის საკითხზე ,,ნიუპოსტი“ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრს მუხრან ბურჭულაძეს ესაუბრა, რომელიც გუშინ დაბრუნდა კიევიდან. ბურჭულაძე ამბობს, რომ კიევში ყოფილი სახელისუფლო გუნდის წევრებს შეხვედრა ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილთან, სადაც ქვეყნის მომავალზე და პარტიის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.
,,მართალია დევნილი პრეზიდენტის მოქალაქეობის გარეშე დატოვება და ამით საქართველოსთან დაკავშირებული პროცესებიდან მისი სრულად გარიყვა ზოგს ძალიან უნდა და გაახარებდა კიდეც, თუმცა მათ იმედი უნდა გავუცრუო, გამომდინარე იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მომავალს ქართულ პოლიტიკაში ხედავს, ვფიქრობ ის არ დათმობს საქართველოს მოქალაქეობას. გარდა ამისა ადგილობრივი კანონმდებლობა არ უზღუდავს მას, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მოღვაწეობის უფლებას“ - აცხადებს ბურჭულაძე.
მისივე თქმით, სააკაშვილი საქართველოში აუცილელად დაბრუნდება და მომვალ ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალა ნამდვილად გაჩნდება.
,,გეტყვით, რომ საქართველიში ის აუცილებლად დაბრუნდება და დავბრუნდებით მთელი გუნდით, რომ ერთი და სამუდამოდ დავაყენოთ ქვეყანა განვითარების გზაზე.
ჩვენს გუნდში დიდი პოტენციალია და ჩვენი პარტია სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც ნიჭიერ და კვალიფიციურ კადრს იზიდავს. უამრავ ახალგაზრდას ვხედავ მომავალ ქართულ პოლიტიკაში - ეს იქნება ახალი სისხლი და ახალი ძალა. ეს ისე გარდაუვალია, როგორც ჩვენი ხალხის ბედნიერი მომავალი“ - აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






