სააკაშვილმა ყურადღება რუსეთის აგრესიაზე და ამასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების არასათანადო რეაქციაზეც გაამახვილა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით მისთვის ძალიან გასაკვირი იყო, რომ უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ევროპელმა ლიდერებმა მოსკოვში უკრაინის მონაწილეობის გარეშე გამართეს.
„პუტინი თვლის, რომ ევროპელებს რაც შეიძლება სწრაფად უნდათ სანქციების მოხსნა, რადგან თავადაც ზარალდებიან. ეს ასეა, მაგრამ რუსეთის ზარალის მასშტაბები ბევრად დიდია. თუმცა პუტინი თვლის, რომ ევროპა სუსტია. ეს მცდარი აზრია და ამაზე ანგელა მერკელის პოზიციაც მიუთითებს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ოლანდის პოზიციისგან. პუტინმა ძალიან შორს შეტოპა. ყირიმის ანექსიას კიდევ შეეგუებოდა დასავლეთი, რადგან უეცრად გამოჩნდნენ სასარგებლო იდიოტები, რომლებმაც თქვეს რომ ყირიმი რუსული იყო. ასე ფიქრი არ შეიძლება რადგან შესაძლოა ჩინეთმა გადაწყვიტოს, რომ რუსეთის რაღაც ტერიტორიები ადრე მისი იყო, ან იაპონიამ გამოთქვას პრეტენზია. საქართველოსაც შეუძლია თქვას, რომ სოჭი მისია. საბედნიეროდ ევროპაში გამოფხიზლდნენ“- აცხადებს სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ზოგჯერ არსებობს სიტუაციები, როდესაც იარაღით მომავალის შეჩერება , მხოლოდ იარაღითაა შესაძლებელი. უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიით რუსეთი დაზარალდება და საბოლოოდ ჩამოიშლება, მაგრამ სააკაშვილის თქმით, ის ძალიან წუხს უკრაინელების ბედზეც, რადგან პუტინის აგრესიას ყოველდღიურად ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა და ინგრევა უკრაინის ქალაქები.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მისი უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა გახდება თუ არა რუსეთისთვის , როგორც ხარისთვის აფრიალებული წითელი ნაჭერი, რადგან სააკაშილი რუსეთის თვალში არის ადამიანი, რომელმაც 2008 წელს რუს სამშვიდობოებზე აგრესია განახორციელა, სააკაშვილმა უპასუხა, რომ უკრაინის მაგალითზე უკვე ყველა მიხვდა ვინ არის აგრესორი და მითი რომ აგრესიის განხორციელება საქართველომ დაიწყო დაინგრა. სააკაშვილის თქმით უკრაინის მთავარი ღირსება ამჟამად არის ის რომ ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს, იმისდა მიუხედავად რას იფიქრებს ამაზე კრემლი.
სააკაშვილის განცხადებით ის პუტინის გეგმებზე უკვე რამდენიმე წელია საუბრობს, თუმცა ევროპელი ლიდერებს ბოლომდე არ სჯეროდათ , რომ პუტინი ამ წითელ ხაზებს გადაკვეთდა.
„ახლა უკრაინა, შემდეგ მოლდოვა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ თუ საქართველოში პრორუსი ხელისუფლება დაემხობა ის ისევ საქართველოს შეუტევს, შემდეგ აზერბაიჯანს და ა.შ. რუსეთი ყველგან შევა სადაც გაუვა, მაგრამ ამჟამად მან მძინარე მხეცი გააღვიძა და ევროპა და ამერიკა თავის წინააღმდეგ განაწყო“- აცხადებს საააკშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინაში გასატარებელ რეფორმებზეც ისაუბრა, სააკაშვილის თქმით, უკრაინაში არსებობს ადამიანთა ჯგუფი , რომელსაც არ აწყობს ძველი სისიტემის დანგრევა და ყველაფერს აკეთება ამ სისტემის შესანარჩუნებლად, რათა უფრო ადვილი იყოს ქვეყნის ძარცვა.
„უკრაინა გასაოცარი ქვეყანაა, მას 25 წელია ვისაც არ ეზარება ყველა ძარცვავს, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც ფეხზე დგას და უძლებს.“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში ომია, უკრაინელი ხალხი მაინც მზადაა რეფორმები გაატაროს. მისი განცხადებით მსგავსი სიტუაცია იყო საქართველოშიც მაგრამ მიუხედავად რუსეთის მხრიდან ემბარგოსი და ოკუპირებული ტერიტორიებისა საქართველომ რეფორმები მაინც გაატარა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში ეთნიკურად ოსი მოსახლეობის რაოდენობა ძალიან მცირეა, მისი ტქმიტ 2008 წელს ნამდვილი ოსი სეპარატისტები უკვე საქართველოს უჭერდნენ მხარს ამის მაგალითად კი დიმიტრი სანაკოევი მოიყვანა.
სააკაშვილის განცხადებით ის 2008 წლის ომამდე რუსეთს სთავაზობდა სამხედრო ნაწილები აფხაზებით დასახლებულ ტერიტორიებამდე გაეყვანა, ამ ტერიტორიამდე ზონაში კი თავისუფალი სავაჭრო ზონა გაიხსენებოდა, დაბრუნდებოდა დევნილი მოსახლეობა. სააკაშვილის განცხადებით ის აფხაზეთის სტატუსის გარკვევის გარეშეც თანახმა იყო რკინიგზის და აეროპორტის ამუშავებაზე, სავაჭრო საზოგადოპებრივი ურთიერთობების აღდგენის და განვითარების შემდეგ თავად ხალხს გადაეწყვიტა, როგორი უნდა ყოფილიყო მათი საქართველოსთან ურთიერთობა.
სააკაშვილის განცხადებით, აფხაზეთთან ურთიერთობების მოგვარებას იქ მყოფი რუსეთის ჯარი უშლის ხელს,“ როდესაც ჯარი იქ აღარ იქნება საქართველოს მიმართ აფხაზეთის მოსახლეობის განწყობებიც შეიცვლება“- აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილმა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებაზეც ისაუბრა და განაცხადა რომ რუსმა ოლიგარქმა საქართველო გააჩერა, „იმ ქვეყნის პოლიცია, რომელიც თავის დროზე ყველაზე უსაფრთხოდ ითვლებოდა ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“- განაცხადა სააკაშვილმა. ამასთანავე საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით ივანიშვილი ასე დიდხანს ვერ გააგრძლებს, რადგან საქართველოს მოსახლეობამ ნახა როგორია ახალი ქალაქების, ახალი გზების, ახალი შენობების აშენება, ნახა როგორია კარგი პოლიცია, ჯანდაცვის და განათლების ახალი სისტემა და „მოსახლეობას უკვე აქვს ივანიშვილის და ყოფილი ხელისუფლების ქმედებების შედარების საშუალება, ეს შედარება კი ივანიშვილის სასარგებლოდ არ იმოქმედებს“- აღნიშნა სააკაშვილმა.
„ის ისეთივე პროპაგანდას ეწევა, როგორც რუსეთი, ჩემზე იღებს 200- სერიან ფილმს, ყოველდღე ყვირიან რომ ჩვენ მკვლელები და მოძალადეები ვიყავით, მაგრამ სინამდვილეში მკვლელობები და კრიმინალი ახლა გაიზარდა, ხალხი ამას უკვე გრძნობს და ხედავს და არარ სჯერათ, ის ნათქვამი რომ ადრე უფრო საშინელებები ხდებოდა.“- განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოში ცვლილებები გარდაუვალი იქნება, თუმცა მისი განცხადებით ივანიშვილი ხელისუფლებას თავისით არ დათმობს.
„რუსი ოლიგარქის ბანდიტურ ნატურაში არ ზის, რომ ვინმეს რამე მშვიდობიანად დაუთმოს, ამასთანავე პუტინი აცხადებს, რომ მისის ქვეყნის მახლობლად ფერად რევოლუციებს აღარ დაუშვებს, ხედავთ რა კომბინაციაა?“ ივანიშვილი შეშფოთებულია იმიტომ, რომ ის ზურგსუკან ჩემს სუნთქვას გრძნობს“ - აცხადებს სააკაშვილი
სააკაშვილის განცხადებით აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, თუმცა ის ძველი ხელისუფლების დაბრუნებას გამორიცხავს და აცხადებს რომ მართვის სადავეები ახალმა ადამიანებმა უნდა აიღონ რომელთა იდეოლოგიაც ქვეყნი განვითარება და აღმშენებლობა იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






