,,დიდი ბოდიში, ქართული პოლიტიკა რომ აბსურდის თეატრია, კი შევეჩვიეთ, მაგრამ ამ კონკრეტულმა პროცესმა რომ აბსურდის სახე მიიღო, ვერავინ ამჩნევს? პროცედურა სრულიად ნათელი და მარტივია: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას წარადგენს პრეზიდენტი და ამტკიცებს (ან უარყოფს) პარლამენტი. ცხადია, სანამ კანდიდატურას წარადგენს, პრეზიდენტი უნდა დაფიქრდეს, სულ მცირე, ორ თემაზე: (1) რა თვისებები უნდა ჰქონდეს კანდიდატს და (2) კონკრეტულად ვისა აქვს ეს თვისებები. შეიძლება მესამე თემაც გაითვალისწინოს: რომელ კარგ კანდიდატს აქვს პარლამენტში გასვლის უკეთესი შანსი. თუ პრეზიდენტი გონიერია, მან ამ ყველაფერზე მარტო კი არ უნდა იფიქროს, არამედ ჭკვიან ხალხს რჩევაც კითხოს (ოღონდ, ჭკვიანს, ყველას არა). მაგრამ ამ რჩევებს რომ მოისმენს, შემდეგ მაინც მარტომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელზეც მხოლოდ თვითონ აგებს პასუხს და სხვა არავინ მის გარდა. ხომ ასეა?
ხოლო თუ ასეა, რა სისულელეა ეს „კანდიდატურების წარდგენა“, ხელმოწერების შეგროვება, მერე იმათი სადღაც გამოქვეყნება და ა. შ. განსაკუთრებული სისულელეა ოპოზიციური პარტიის (თავისუფალი დემოკრატების) მიერ კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენა: რატომ დაუჭერს მას პარლამენტი მხარს? კიდევ კარგი, ნაციონალებმა ეს სისულელე არ გააკეთეს. საერთოდ პარტია რა შუაშია, გინდა მმართველი და გინდა ოპოზიციური?
პრეზიდენტის მხრივ კი ეს ყველაფერი, განსაკუთრებით „წარდგენილი“ კანდიდატების სიის გამოქვეყნება, „გამჭვირვალობის“ სლოგანის აბსურდამდე დაყვანაა. ძმაკაცმა რომ ჩასჩურულოს ამ 28-ზე უკეთესი კანდიდატი, ის ვერ უნდა წარუდგინოს პრეზიდენტმა პარლამენტს? ბარემ სადენები მივუერთოთ გიორგი მარგველაშვილის ტვინს და სადმე დიდ ეკრანზე გამოვიტანოთ მისი აზროვნების პროცესი: აი, ყველამ ნახოს, როგორ ფიქრობს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე“ - წერს ნოდია.
მასალის გამოყენების პირობები






