საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომისიის დებულება დაარღვია. ამის შედეგად კი კრწანისის გამგეობაში ჩატარებული ფინანსური შემოწმების შესახებ მოძიებული მასალები კომისიის გვერდის ავლით შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სამსახურს გადაუგზავნა.
„ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ შეცდომის გამოსწორების სურვილი თუ გაქვს ადამიანს ყოველთვის შეიძლება. ყველა გადაწყვეტილებაში თავისუფალია როგორც უნდათ კანონის ფარგლებში თქვან ჩემს წინააღმდეგ. უნდათ სასამართლოში მიჩივლებენ და რაც უნდათ იმას გააკეთებენ. მე მინდა ქალბატონი ხათუნას საყურადღებოთ ვთქვა რომ ეს პირადად მას არ ეხება, უბრალოდ ეხება პერიოდს როდესაც ქალბატონი ხათუნა იყო გამგებელი“. - განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ
ნუგზარ მალაღურაძის მიერ, კრწანისის გამგეობის ფინანსური შემოწმების შედეგად შეგროვებული დოკუმენტაცია დღეს ისევ საკრებულოში დაბრუნდა და სარევიზიო კომისიამ სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომა გამართა. მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, კომისიის წევრები მოპოვებულ მასალებს შეისწავლიან და კვირის ბოლოს სარევიზიო ჯგუფი იმის შესახებ იმსჯელებს, არის თუ არა ამ დოკუმენტაციის გადაგზავნის აუცილებლობა სამართალდამცველ უწყებაში.
თავად კრწანისის ყოფილი გამგებელი, ხათუნა ბერძენიშვილი, კი საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, კომისიის ხელმძღვანელმა ნუგზარ მალაღურაძემ კრწანისის გამგეობის ფინანსური შემოწმების შედეგად შეგროვებული დოკუმენტაცია სამართალდამცველ ორგანოს მისი განმარტების გარეშე გადაუგზავნა.
სწორედ ბერძენიშვილის გამგებლობის პერიოდს უკავშირდება სარევიზიო კომისიის მიერ ჩატარებული შემოწმება, რომლის ანგარიშს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს, თუმცა ტექნიკური შეცდომის გამო, დოკუმენტაცია ანტიკორუფციული სამსახურიდან ისევ საკრებულოს დაუბრუნდა.
ყოფილი გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი ამ ფაქტს მისი ხელმძღვანელობით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს.
მასალის გამოყენების პირობები






