სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის პოსტიდან ვალერი ზუმბაძის გადადგომას ეხმაურება.
"ალო, ალო არ ისმის...."
რაღა ეხლა დაყრუვდით, ბატონო ვალერი?
გედენიძეების ბავშვები რომ ტიროდნენ არ გესმოდათ?
აბდალაძე, რომ ცამდე მართალი კაცია - თქვენ დაბეჩავებულ ყურს ალბათ არც სმენია...
"ენვერს" რომ "ამონტაჟებდით", ალბათ ამ ადამიანების გმინვა არც მაშინ გიშლიდათ ხელს?
"გვანტანამოს მეთოდი", ფრჩხილების დაძრობა, მოგუდვა, ცრუ ჩვენებების გამოძალვა...
ვწუხვარ, ჩემო მეგობრებო, რომ თავიდან გიწევთ იმ საზარელი დღეების გახსენება.. "ჩვენ ვინც გვაწამებდა, მათი დაწინაურება არ შეიძლება"... - გიორგი აბდალაძე - ეს შენი სიტყვებია და მე 100 %-ით გეთანხმები!“, - წერს სოციალურ ქსელში მოროშკინა.
ზუმბაძემ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. ამის მიზეზად მან ბოლო დროს მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები დაასახელა. ზუმბაძე მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო სასამართლოში ჩივილს აპირებს.
შეგახსენებთ, ვალერი ზუმბაძე თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.
ზუმბაძის დანიშვნამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. იგი ფიგურირებს 2011 წლის 7 ივლისს სამი ფოტოგრაფის დაკავების საქმეში, 2010 წელს ჯაშუშურ ქსელში ჩართული ადამიანების გამოსააშკარავებელ ოპერაცია ”ენვერში” და ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩართული იყო 2012 წლის ლაფანყურის საქმეშიც.
მასალის გამოყენების პირობები






