ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ვითარება სტაბილურია.
ვიცე-პრემიერის თქმით, ხელისუფლებას საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დაბალენსებისთვის კონკრეტული ნაბიჯები და სამოქმედო გეგმა გააჩნია. მინისტრის განმარტებით, ამ ნაბიჯების გადადგმა დაწყებულია, კონკრეტული სამოქმედო გეგმა დღეს უკვე ხორციელდება, უბრალოდ მისი შედეგები მყისიერი არ არის.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ როგორც ეკონომიკის მინისტრი, რა თქმა უნდა, ძალიან შეწუხებულია იმასთან დაკავშირებით, რომ დოლარში სესხის მქონე კომპანიებს და ადამიანებს ხარჯები გაუძვირდათ.
"რაც შეეხება ლარის კურსს, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ აბსოლუტურად ვფლობთ სიტუაციას. გვესმის, რომ სიტუაცია მარტივი არ არის, ამას ვაცნობიერებთ. ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს რაც გვაქვს და ერთიანი კოორდინაციით ვუდგებით ამ საკითხს. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავაბალანსოთ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი და კონკრეტული ნაბიჯები და სამოქმედო გეგმა გვაქვს დამატებითი საინვესტიციო პროექტების კუთხით, ტურიზმისა და ექსპორტის წახალისების კუთხით.ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე თვეში კონკრეტული შედეგები იქნება ამ მიმართულებით, კოორდინაცია გვაქვს, კარგად ვაცნობიებებთ სიტუაციას და ძალიან კარგად ვხედავთ იმ ნაბიჯებს რაც გადასადგმელია. ამ მიმართულებით კონკრეტულ ქმედებებს ვახორციელებთ. მე პირადად, როგორც ეკონომიკის მინისტრი, რა თქმა უნდა, ძალიან შეწუხებული ვარ იმასთან დაკავშირებით, რომ დოლარში სესხის მქონე კომპანიებს და ადამიანებს ხარჯები გაუძვირდათ, მაგრამ ეს არის კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე და ჩვენ ამ ეფექტების განეიტრალებაზე აქტიურად ვმუშაობთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






