სოხუმის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გალში გადასვლა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაართულოს. გალში არსებულ რთულ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე დე-ფაქტო მთავრობის გააქტიურებულ საუბარს თბილისში ამას უკავშირებენ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა ფიქრობს, რომ ე.წ ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონში შესაძლოა სამხედრო დანაყოფები შეიყვანოს, რითაც მერე საზღვარზე გადასვლასაც გაართულებენ.
„რეზონანსთან“ საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი გალში არსებულ ვითარებას თბილისში შევარდნაძის დროს არსებულ სიტუაციას ადარებს.
„გალში ყველა ქურდობს, პოლიციით დაწყებული, კრიმინალით დამთავრებული. გალის რაიონის ქვედა სოფლებში, რომლებიც მოშორებულია ადმინისტრაციულ საზღვარს, უფრო რთული ვითარებაა. კრიმინალი განსაკუთრებით აქტიურდება თხილის მოსავლის დროს. საქართველოში რომ ხდებოდა 2003 წლამდე, ზუსტად ასეთი ვითარებაა ახლა გალში."- აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი
გალში კრიმინოგენური თვალსაზრისით არსებულ მძიმე მდგომარეობას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გია გვაზავაც ადასტურებს. მისი თქმით, ადგილობრივი მილიცია ამას ვერ ერევა და ალბათ მალე რეგიონში გასამხედროებული სიტუაცია შეიქმნება.
წყარო "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






